საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გუშინ საქართველოში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მისი განცხადებით, "პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ დემოკრატიული, სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნები". მან მხარდამჭერებს ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "კოალიცია ყველა ოლქში, ქალაქში, რაიონსა და სოფელში ლიდერობს". პრემიერის თქმით, "დავამტკიცეთ, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა". ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ "მეორე ტური ტრაგედია არ არის და პირიქით, ეს არის უნიკალური საშუალება, რომ განვამტკიცოთ დემოკრატია".
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც თვითმმართველობის ახალ კოდექსში მისი ინიციატივით 50%-იანი ბარიერი შემოიღეს, "თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ უპრეცედენტოდ მაღალ ბარიერით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე, რადგან ჩვენი ამოცანა იყო, რომ ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და მათ რეალურად აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები". მისი თქმით, საამაყოა ის, რომ აქამდე, მეორე ტურის პრეცედენტი არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა.
"ჩვენ რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ" - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "სწორედ ამიტომ ღირდა და არის გამართლებული მეორე ტური". პრემიერის თქმით, მეორე ტური ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მისი ჩატარება და ამ პრეცედენტის დაშვება ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს.
"თბილისში იყო 30% -იანი ბარიერი, ჩვენ რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხალხს უნდა გადაეწყვიტა, ვის აირჩევდა ის, მისთვის სასურველ ქალაქში და სოფელში და რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან გამორიცხული იყო ძალდატანება და იძულება. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს გაეზრდება მოტივაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ "მეორე ტური გაიმართება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და თვითმმართველი ქალაქების და თემების უმრავლესობაში მერობის და გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ქართული ოცნების შტაბში მმართველმა კოალიციამ უკვე გამარჯვებაც იზეიმა.




