TI: უბნებზე 20-მდე სერიოზული და 15 ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა

ამ დროისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) ქვეყნის მასშტაბით 20-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა - ამის შესახებ ორგანიზაციის პრესრელიზშია ნათქვამი. 

16:00 საათისთვის TI-ს დამკვირვებლებმა 11 საჩივარი დაწერეს.

პრობლემების მხრივ ყველაზე აქტიური კვლავაც მარტვილის საარჩევნო ოლქია. 

უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2013 საპრეზიდენტო არჩევნებისას, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიკაცია კიდევ უნდა დაიხვეწოს - ნათქვამია რელიზში.

უბნების გარეთ კვლავ შეინიშნება აგიტაცია და უბანზე მისულ ამომრჩეველთა არაფორმალური აღრიცხვა.

TI-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, ამომრჩეველზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა შეუძლია.

დარღვევების დაფიქსირება მოხდა შემდეგი მიმართულებებით: გაფუჭებული მარკირების შესამოწმებელი მოწყობილებები; გადასატანი ყუთით ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი; რამდენიმე უბანზე სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მისცეს ამომრჩევლებმა ხმა; ხონის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე თავმჯდომარე ერეოდა რეგისტრატორის ფუნქციებში და ბიულეტენებს თვითონ არტყამდა რეგისტრატორის ბეჭედს; გარდაბნის საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის მხოლოდ ორი წევრი იყო ადგილზე, უცხო პირები დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ უბანზე, არ ხდებოდა მარკირების შემოწმება.

არჩევნების დღის საერთო შეფასებას TI 16 ივნისს 13 საათზე გააკეთებს. 

კომენტარები