ივანიშვილი: ვანო მაჭავარიანის ფავორიტობა პოლიტკორექტულობას არღვევდა

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ნატანების 61-ე უბანზე ხმა მისცა, სამოქალაქო ვალის მოხდის შემდეგ კომენტარი პრეზიდენტის მრჩვლის, ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა. ივანიშვილი, რომელიც მარტში მოქმედ პრეზიდენტს მაჭავარიანის თანამდებობაზე ყოფნის გამო საყვედურობდა, აცხადებს, რომ პრეზიდენტის მრჩევლის გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს. 

"პირველ რიგში, ამასთან მე არაფერი კავშირი არ მაქვს. ჩემს გამოსვლაში არ მიმინიშნებია იმაზე თუ რატომ მუშაობს ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის სამსახურში. ვთვლიდი და გავიმეორებ, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ფავორიტი, რადგან ეს უბრალოდ პოლიტკორექტულობას არღვევდა, მეტი არაფერი. ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო და მე ჩემი აზრი გამოვთქვი.

არ მინდა, რომ ის როგორც მოხდა და განვითარდა, ვინმემ მე მომაწეროს. მახსოვს, რომ მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო და მკითხა, რომ თუ შეიძლებოდა მაჭავარიანი სამინისტროში დაესაქმებინა. მე თანხმობა მივეცი. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთან არ უნდა დაკავშირდეს, არსად არ იკვეთება, რომ მე გამიწია ანგარიში...

მე მხოლოდ ვამბობდი იმას, რომ მაჭავარიანი არ უნდა ყოფილიყო სახე პრეზიდენტის. ამაზე გამოვთქვამდი ჩემს პოზიციას და დღესაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ უხერხულია, როდესაც მისი ძმა არის წინა პრეზიდენტის ფავორიტი და ახალი პრეზიდენტის ფავორიტი იქნება ვანო მაჭავარიანი. მხოლოდ ამაზე მივანიშნებდი.

ადრეც ვთქვი, რომ თუნდაც მიხეილ მაჭავარიანმა იმუშაოს მარგველაშვილის ადმინისტრაციაში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და დისკრიმინაცია არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პოლიტკორექტულობაზე მივანიშნებდი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

13 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე მაჭავარიანის გათავისუფლების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა. მოგვიანებით მაჭავარიანმა განმარტა, რომ: "გიორგი მარგველაშვილის თხოვნა გავითვალისწინე და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა".

კომენტარები