ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა თავისუფალი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, კანდიდატებზე ზეწოლის დასახელებული ფაქტების უმეტესობა კი არ დასტურდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის მოედანზე, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს და ეს ბუნებრივიც არის, არის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც იმიჯს ულახავს როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციას და ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს.
„მინდა შევეხო ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, თითქოს ადგილი ჰქონდა 80 შემთხვევას, ძალადობის შემთხვევას, იძულების შემთხვევას. ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე პოლიტიკური ნება და დავიწყეთ გამოძიება და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული 80 ფაქტიდან სულ რაღაც 4 შემთხვევა გამოიკვეთა და დადასტურდა. ჩვენ ამ ოთხივე შემთხვევას, რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ და ყველა კანონდამრღვევს კანონის წინაშე ვაგებინებთ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. „დღეს თითოეულ ამომრჩეველს აქვს სამართლიან და მშვიდ გარემოში, საკუთარი სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ყოველგვარი ჩარევის გარეშე ახორციელებენ თავის საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები. ხელისუფლება არ ერევა არც მათ საქმიანობაში და არც მათ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს.





