ტელეარხი 25

TV 25-მა პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა

TV 25-მა პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა. არხის ხელმძღვანელობა და დირექცია სამართალდამცავებს სთხოვს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები.

"უკანასკნელ პერიოდში ტელეარხი 25-ის დისკრედიტაციის მცდელობისა და ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფაქტების გამო, არხის დირექციამ მივიღეთ გადაწყვეტილება პროტესტის რადიკალური ფორმისათვის მიგვემართა და ერთი დღით ვწყვეტთ მუშაობას", - ნათქვამია ტელეარხ 25-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეარხ 25-ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს პროკურატურით დაემუქრა. სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც TV 25 ავრცელებს,  ვასაძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ "შენს ორიენტაციას აყენებენ ეჭვს ქვეშ". TV25-ის ინფორმაციით, დეპუტატმა ჟურნალისტს ჯაბა ანანიძის მომზადებული საგამოძიებო ფილმის გამო დაურეკა. "უმაღლესი კომფორტით" ეთერში 8 ივნისს გავიდა. აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა.

ამასთან, თავად მედეა ვასაძემ Media.Ge-სთან საუბრისას ჯაბა ანანიძისთვის დარეკვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მასზე ზეწოლა უარყო.

გარდა ამისა, გუშინ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ჯაბა ანანიძის და სხვა ბათუმელი ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი გვერდი გაიხსნა, რის გამოც, TV 25-მა პროკურატურას მიმართა. ჯაბა ანანიძე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები