მედიაგარემოს შეფასება

TI: ხშირად ხელისუფლება ტაბულას თოქ-შოუში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ტელეკომპანია ტაბულას ხელისუფლებიდან რამდენიმე პოლიტიკოსმა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა, რაც მიზანშეწონილი არ არის, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არხების უმეტესობაზე პოლიტიკური თოქ-შოუები კვირაში ერთხელ მაინც გადიოდა, სადაც არჩევნები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამ გადაცემებში თითქმის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო მონაწილეობა.

„თუმცა, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, მთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ტაბულას გადაცემაში თეორემა ძალიან იშვიათად მონაწილეობდნენ, 3-23 მაისის პერიოდში კი ამ თოქ-შოუში სტუმრად არც ერთხელ არ ყოფილან. მონიტორინგის მიხედვით, ამას გადაცემის წამყვანი იმით ხსნიდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ სტუდიაში მისვლაზე და ჩართვაში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ აღმოჩენილ ტენდენციებს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მედიაში პოლიტიკური მიზნებისთვის დიდი რაოდენობით თანხის შედინება არ შეინიშნება. კვლევის მიხედვით, მედია წინასაარჩევნო მოვლენებს ძირითადად დაბალანსებულად აშუქებს. ამასთან, კვლევაში რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაა შეფასებული, მათ შორისაა ტი-ვი-25-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიმართ აჭარის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან სატელეფონო მუქარა, თი-ვი-ემ-არ საქართველოს და რუსთავი 2-ის საქმეები, ასევე ვახო სანაიას საავტორო გადაცემის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადება.

მედიაგარემოს შეფასების მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის ხელის შეშლის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები თითქმის არ გამოვლენილა. 

„რეგიონებში რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, სადაც ჟურნალისტებს კანდიდატების ღონისძიებებზე დასწრების ან მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობას უზღუდავდნენ.  რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც კრიტიკული მასალის გავრცელების გამო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, მედიაში სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი თვალშისაცემია. „მედიასაშუალებების უმეტესობის წინასაარჩევნო გაშუქება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, საარჩევნო სუბიექტების ყოველდღიური საქმიანობის აღწერით შემოიფარგლებოდა, სადაც ნაკლებად ისმოდა კრიტიკული კითხვები და კანდიდატების დაპირებების დეტალური ანალიზი. კანდიდატების წარსული საქმიანობის, ქონებრივი მდგომარეობის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მსგავსი საკითხების ანალიზს კვლავაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ მიგნებებსა და კვლევის შედეგებს შემდგომში უკვე აქტიურად აშუქებდნენ მედიასაშუალებები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ თი-ვი-ემ-არ საქართველოსგან პოლიტიკური თოქ-შოუების და ახალი ამბების რეიტინგები  შეიძინა და გამოაქვეყნა. 

კომენტარები