ღვინიაშვილი: გუნავას ისე აბრალებენ დანაშაულს, როგორც მე რაფალიანცის მკვლელობას

საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ღვინიაშვილს ზუგდიდში განვითარებული მოვლენები 2012 წლის 1 ოქტომბერს გურჯაანში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს ახსენებს. დეპუტატის თქმით, ქართულმა ოცნებამ მას უმიზეზოდ დააბრალა ჩვილის მკვლელობა, რადგან იცოდნენ, რომ გურჯაანში არჩევნებს ღვინიაშვილი იგებდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ ახლაც, ხელისუფლებამ იცის, რომ თენგიზ გუნავას აქვს ძალიან დიდი შანსი - მოიგოს არჩევნები ზუგდიდში და სწორედ ამიტომ აბრალებს პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმეში მონაწილეობას. 

"დღეს, როდესაც ვუყურებ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, ერთი ერთში მახსენდება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ღამე, როდესაც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულიად უმიზეზოდ, ბინძურად დამაბრალა 10 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ეს სჭირდებოდა დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან იცოდა, რომ გურჯაანის რაიონს ვიგებდი. დღეს, როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ თენგიზ გუნავას აქვს ძალიან დიდი შანსი, მოიგოს ზუგდიდის რეგიონი, ზუსტად ანალოგიურად, ბინძურად აბრალებს აბსურდულ დანაშაულს. მაშინ, როცა პროკურატურა და პოლიცია საერთოდ არ ახსენებს გუნავას გვარს და სახელს, პრემიერი პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა ეს დანაშაული" - აცხადებს ღვინიაშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ორი წლის მანძილზე, რაფალიანცის საქმეზე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს წინ.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში ბარბალე რაფალაინის საქმე არ გაიხსნება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაანებოს თავი სიცოცხლით სპეკულირებას, სხვისი ოჯახების ტრაგედიით სპეკულირებას, თორემ ეს თვითონ მათ არ მოუტანს კარგს" - აცხადებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან, სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა ერთობლივი აქცია გამართეს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ენმ-ის ოფისთან მისვლას. პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქცია 6 ივნისსაც გამართეს. მათ ოფისში მყოფ პირებს აქციის ქვები დაუშინეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 6 ივნისს პარტიის ოფისში შეჭრა ქართული ოცნების აქტივისტებმა სცადეს. ენმ-ის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტრომ გააკეთა. შსს-მ მათ მკვლელობაში ბრალდებულად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ცნო. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ "ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა", თუმცა, შსს-ს თავის განცხადებაში გუნავას გვარი არ უხსენებია.

კომენტარები