ბოკერია: ღარიბაშვილი აგებს პასუხს იმაზე, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ზუგდიდში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "პირადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგებს პასუხს იმაზე, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ზუგდიდში". ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას ოჯახების ტრაგედიას აბოლუტურად ცინიკურად და უზნეოდ იყენებს.

"სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაადო ხელი საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტს პირდაპირ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, მაშინ როცა გამოძიებაშიც კი ფორმალურად საერთოდ არ ფიგურირებს თენგიზ გუნავას გვარი. ამით, კიდევ უფრო ნათელი გახადა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს მიზანი არის მარტივი - ოპონენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება, ნორმალური არჩევნების შეზღუდვა საარჩევნო კამპანიის გამოყენებით და განსაკუთრებით დიდი უზნეობაა, როცა ამ ყველაფრისთვის ოჯახების ასეთ ტრაგედიას იყენებ", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან, სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა ერთობლივი აქცია გამართეს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ენმ-ის ოფისთან მისვლას. პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქცია 6 ივნისსაც გამართეს. მათ ოფისში მყოფ პირებს აქციის ქვები დაუშინეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე. ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 6 ივნისს პარტიის ოფისში შეჭრა ქართული ოცნების აქტივისტებმა სცადეს. ენმ-ის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტრომ გააკეთა. შსს-მ მათ მკვლელობაში ბრალდებულად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ცნო. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ "ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა", თუმცა, შსს-ს თავის განცხადებაში გუნავას გვარი არ უხსენებია.

კომენტარები