კალაძე: ყველა პირობას ვქმნით არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლება კატეგორიულად გმობს და ემიჯნება ძალადობას. ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობა ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ, ხელისუფლება, მთავრობა ყველანაირ პირობას ვქმნით იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. თუ არის რამე ძლადობრივი ფაქტები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ გამოძიება", - განაცხადა კალაძემ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. ანგარიშში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე - ზურაბ ჭიაბერაშვილსა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის, ასევე დავით კოდუას ცემის ფაქტზე. NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერებმა აღნიშნული ფაქტები მკაცრად უნდა დაგმონ. 

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გახშირდა ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა. მაგალითად, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

გარდა ამისა, 7 ივნისს, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს 9 ივნისს, ცაგერშიც დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ ქართული ოცნების წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები