NDI: პრემიერის განცხადებები ენმ-ზე გამოწვევაა არჩევნების მიუკერძოებლობისათვის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, პარტიების უმრავლესობა ადგილობრივი პრობლემატიკის ნაცვლად, უფრო მეტად სხვა პარტიების კრიტიკასა და დელეგიტიმაციაზე ამახვილებს ყურადღებას. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვებები დღეს გამოქვეყნდა. სადამკვირვებლო მისიას მაგალითად ქართული ოცნების და ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე, პერსონალურად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მოჰყავს.

"კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ არჩევნებს ყველა სახელისუფლო სტრუქტურიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განდევნის საბოლოო ნაბიჯად განიხილავენ. ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია ხაზს უსვამს "სამართლიანობის აღდგენას" – ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერების დაპატიმრებას მათი მმართველობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამო. პრემიერ მინისტრმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია არჩევნებში ერთადერთი ლეგიტიმური მონაწილეა და სხვა პარტიების გამარჯვება დაუშვებელი იქნება. მან ასევე მიანიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სავარაუდო დანაშაულების ჩადენის გამო გამასწორებელი სამუშაოები უნდა მიესაჯოთ. აღნიშნული განცხადებები, რომელიც მთავრობის მეთაურის მხრიდან კეთდება, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების მიუკერძოებლობისათვის, რომელსაც საარჩევნო და სხვა სამთავრობო სტრუქტურებმა დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს" - ნათქვამია NDI-ის შუალედურ ანგარიშში.

ამასთან, როგორც გრძელვადიანი დამკვირვებლები აღნიშნავენ, მსგავსი ტიპის განცხადებები ქმნის საფრთხეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მათ არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს და მმართველი კოალიციის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მიღებულ დირექტივად აღიქვამს.

განცხადება, რაზეც NDI თავის ანგარიშში საუბრობს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ გუშინაც გააკეთა. ღარიბაშვილმა ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში". გასულ კვირაში კი, გურიაში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”. მისივე თქმით, "მთავარია, ეს არჩევნები გადავაგოროთ კარგად და ნაციონალების არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ,  ისინი მატყუარა ხალხია და მაგათ დაანგრიეს ქვეყანა". გარდა ამისა, პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ "მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში... ეგენი, ნაციონალები დავაგროვოთ და ვამუშაოთ.... კარგი იდეაა, გამასწორებელი სამუშაოები, მაგათ მოუხდებათ".

კომენტარები