NDI: გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვებები დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე - ზურაბ ჭიაბერაშვილსა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის, ასევე დავით კოდუას ცემის ფაქტზე. NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერებმა აღნიშნული ფაქტები მკაცრად უნდა დაგმონ. 

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თანახმად, ზეწოლისა და პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი გასულ არჩევნებთან შედარებით შემცირდა. თუმცა NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა, მათ შორის არის სისხლიანი ინციდენტებიც. 27 მაისს თბილისის ერთ-ერთ კაფეში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, დაესხნენ თავს. აღნიშნულმა საქმემ განაახლა დისკუსია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე. მარტის ბოლოს, პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური რამდენიმე პირმა სცემა და მისივე განცხადებით, გატაცებაც სცადეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს. მაისის დასაწყისში ბიზნესმენი დავით კოდუა სასტიკად სცემეს, რასაც პროკურატურამ "შურისძიების ნიადაგზე წინასწარი განზრახვით ჩადენილი ჯგუფური თავდასხმა" უწოდა", - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც NDI აღნიშნავს, "მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ძალადობასა და ზეწოლებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და კომისიამ დადებითი შეფასება მიიღო, მმართველი პარტიის სხვა წევრების საჯარო განცხადებები უფრო ორაზროვანი იყო."

NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერების მხრიდან აღნიშნული ფაქტების უფრო მკაცრად დაგმობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდგომ, ძალადობის და ზეწოლის მიმართ შეუწყნარებლობის სიგნალს გააგზავნის.

შუალედური ანგარიშის მიხედვითვე, ძალადობის პრევენციის მიზნით, სწრაფად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

კომენტარები