პრემიერი: ნაციონალებს რამდენიმე დღეღა დარჩათ პოლიტიკური სივრციდან გასაქრობად

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალებს სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან". როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა თქვა, დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

"ერთადერთი, ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მათ იციან, რომ დარჩათ სულ რამდენიმე დღე, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა. მათ იციან, რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ახლა იმაზე ზრუნავენ, იმიჯი შეულახონ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას და ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრონ, რათა ამით როგორმე მიიქციონ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ამას განსაკუთრებული თავგამოდებით ისინი აკეთებენ, ვინც წლების განმავლობაში შემჩნეული იყო სწორედ მუქარაში, ზეწოლასა და ტოტალურ გაყალბებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთებულია. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დღესაც, 9 ივნისს, ამჯერად ცაგერში დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ ქართული ოცნების წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები