საქართველოს მთავრობის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და თავისუფალ საარჩევნო გარემოში ჩატარება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში.
"ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ და შეფასდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით ჩატარებულად. დარწმუნებულები ვართ, რომ ასე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და სათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე. რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა", - აცხადებს საქართველოს მთავრობა.
ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.
გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.
7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
საქართველოში წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.





