ქართული ოცნება ნაცმოძრაობას საარჩევნო კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება მარნეულში დღეს განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლად აფასებს. ამის შესახებ  ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ დღეს, მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტს. როგორც საზოგადოებამ მედიიდან უკვე შეიტყო, გიგი უგულავა, რომელიც ბრალდებულია მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვაში, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, შეიჭრა ცესკო-ს მიერ დანიშნული მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში, მუქარის ტონით მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დემონსტრაციულად დახიეს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერი განკარგულება, რათა კომისიას სამუშაო ვადებში ვერ მოესწრო თავისი უფლებამოსილების განხორციელება, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. ქართული ოცნება აღნიშნულ ქმედებას საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლად აფასებს", - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

ამასთან, ქართული ოცნება შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მას სათანადო კვალიფიკაცია მისცენ.

"როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დააფასა ჩვენი კოალიციის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და მიიღოს ის განაჩენი, რომელსაც მათ ქართველი ხალხი განუსაზღვრავს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვეული მუქარის ტონით აგრძელებს საუბარსა და ქმედებას. ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მისცენ სათანადო კვალიფიკაცია", - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

დღეს, 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იმამყულიევს ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა ამას უარყოფს და აცხადებენ, რომ კანდიდატი არჩევნებიდან ხელსუფლების დაკვეთით მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კომენტარები