უგულავას პროცესი

სემინარზე დასწრების მიზეზით პროკურორები უგულავას პროცესზე არ გამოცხადდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხის განხილვა პროკურორების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

მოსამართლემ სხდომის მონაწილეებს პროკურორთა განცხადება გააცნო, რომლის თანახმად, პროკურორებმა სასამართლოს გუშინ, სამუშაო დღის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ბათუმში 10-დღიანი მივლინების გამო, პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება მივლინების მიზეზს, პროკურორთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ზედამხედველობა უნდა განახორციელონ, ამასთან, კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ სემინარზე დასწრებას აპირებენ.

„ბავშვსაც არ სჯერა იმის, რომ პროკურორები სემინარებზე არიან“, - ასე შეაფასა გიგი უგულავამ პროკურორების განცხადება და დასძინა: "პროკურატურა ჩემი უფლებამოსილების ამოწურვამდე დროის გაწელვას შეეცდება. 15-ში უკვე არჩევნებია. ჩემთვის მნიშვნელოვანი მერად აღდგენა კი არ არის, ის, რომ ახლა არჩეული მერები და გამგებლებიც ასეთი პარტიზანული წესით არ გადააყენონ. ეს შავი ხვრელია, რომელიც ახალმა ხელისუფლებამაც ძალაში დატოვა", - თქვა გიგი უგულავამ.

უგულავას შეფასებით, ბრალდების მხარე პოლიტიკურად მოტივირებულია და ის, რაც დღეს სასამართლოში მოხდა, პროკურატურისა და ხელისუფლების სირცხვილია.

უგულავას შეფასებით, ხელისუფლებას კვალიფიკაციის ამაღლება, სავარაუდოდ, ნამდვილად სჭირდება. „ფეხბურთის გუნდი რომ არ გამოცხადდება, 3:0 წაგება ეთვლება, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. ამას, შეუძლებელია, იუმორის გარეშე შეხედოთ. ცხადია, ეს ხალხის არანაირ სემინარზე არ არიან და არანაირი საპროკურორო ზედამხედველობას არ ახორციელებენ. ამით გასაგებია, რა შიში აქვს ღარიბაშვილს ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში. იგი შიშობს, რომ მე მთავრობაზე მივალ და ამ მატყუარა ადამიანს თვალებში ჩავხედავ. ეს შიში, როგორც ჩანს, ივანიშვილიდან გადმოჰყვა“, - თქვა გიგი უგულავა. 

სასამართლოს სხდომა 10 ივნისს, 16:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარები