ვლადიმირ კლიჩკო

უმცროსი ძმა

„Klitchko: même Poutine a peur de lui" – „კლიჩკო: პუტინსაც კი ეშინია მისი", გვატყობინებდა ფრანგული სპორტული გამოცემა ეკიპის 25 აპრილის ნომრის სათაური. მეორე დღეს, სრულიად უკრაინის გმირი განურჩევლად დასავლეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკური დაპირისპირებისა, ვლადიმირ (უკრაინულად Володи́мир) კლიჩკო თავის მორიგ, სამოცდამეხუთე ბრძოლას ატარებდა პროფესიულ რინგზე. სპეციალისტებისთვის კლიჩკოს მეტოქე – ავსტრალიელი აბორიგენი ალექს ლეპაი არანაირად არ წარმოადგენდა სერიოზულ „ჩელენჯერს" და ამიტომ ინტრიგა ის კი არ იყო, თუ ვინ მოიგებდა მატჩს, არამედ რამდენ რაუნდს გაძლებდა ლეპაი, სანამ რინგის იატაკს დაენარცხებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ასეთი რაუნდების რაოდენობა მხოლოდ ოთხ-ნახევარი გამოდგა.

პოლიტიკური ფიგურა

კლიჩკო-ლეპაის დაპირისპირებისას მოხდა უპრეცედენტო რამ: მატჩის ტელეტრანსლაცია არ გადაიცა ქვეყანაში, სადაც ძმებ კლიჩკოებს, ვლადიმირსა და ვიტალის, ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავთ. „ორთაბრძოლა 150 ქვეყანაში გადაიცემა, მაგრამ არა რუსეთში. ასეთი რამ პირველად ხდება თოთხმეტი წლის განმავლობაში! ჩვენ ველაპარაკეთ უმსხვილესი ტელეარხების ხელმძღვანელებს, მაგრამ მათი პასუხი მუდამ ერთი იყო: 'ეს არ არის ფულის საკითხი. ჩვენ აკრძალული გვაქვს ამ მატჩის ტრანსლაცია. ბრძანება ზევიდან მოდის'. ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ ვიტალი უხერხულობას უქმნის მათ. ბრძოლა, რომელიც მან წამოიწყო უკრაინაში, უფრო სახიფათოა, ვიდრე რინგზე გამართული მატჩები", ამბობდა მატჩის წინ ვლადიმირ კლიჩკოს გერმანელი მენეჯერი ბერნდ ბენტე.

უფროსი ძმის, ვიტალი კლიჩკოს საქმიანობა, რომელმაც მიატოვა მოკრივის კარიერა პოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ, საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, არც ვლადიმირი მორიდებია ოდესმე საკუთარი შეხედულებების აფიშირებას: „ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის დანაწევრებას. ჩვენ უკვე ოცი წელია დამოუკიდებელნი ვართ და ეს გაგრძელდება", – განუცხადა მან Wall Street Journal-ს. მის პოლიტიკურ აქტიურობაზე ჰყვება ფრანგულ Le Monde-ში რაფაელ გლუქსმანიც, რომელიც გარკვეული ხანი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ: „ვლადიმირი შეიძლება ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ვიტალი, მაგრამ ისიც მაიდანზე იყო, მე ის რამდენჯერმე ვნახე ოპოზიციის მთავარ შტაბში. როდესაც რევოლუციის საწყის ეტაპზე მდგომარეობა დაიძაბა ძალოვნებთან მიმართებით, მან თავის ძმასთან ერთად გაარღვია პოლიციის კორდონი და მანიფესტანტებს შეერია". ამ ყოველივეს ფონზე, ვლადიმირ პუტინის დირექტივა მორჩილი ტელეარხების მისამართით სრულიად გასაგები ხდება.

დიდი მოკრივე, თუმცა მოსაწყენი სპექტაკლის ავტორი

კრივის სპეციალისტების სრული უმრავლესობა თანხმდება, რომ მიუხედავად ზედმეტად აკადემიური სტილისა, ამჟამად მძიმე წონაში ვლადიმირ კლიჩკოს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. 2004 წლის აპრილში ამერიკელ ლემონ ბრიუსტერთან განცდილი მესამე და უკანასკნელი მარცხის შემდეგ, ვლადიმირ კლიჩკომ მოიპოვა პროფესიული კრივის უმსხვილესი ასოციაციების – IBF, WBA და WBO – ჩემპიონის ქამარი. მხოლოდ WBC-ის ქამარი – რომელიც მისმა უფროსმა ძმამ ვიტალიმ მიატოვა პოლიტიკაში ჩაბმის გამო – რჩება ვლადიმირისთვის სანატრელად.

1,98 მეტრი სიმაღლის და 112 კილოგრამი წონის "Dr. Steelhammer" - „დოქტორი ფოლადის ჩაქუჩი", როგორც მას უწოდებენ, უაღრესად რთული მეტოქეა ნებისმიერი მოკრივისთვის. კლიჩკოს უნაკლო ტექნიკა აქვს, ის სწრაფია და მოქნილი. სიმაღლე და მკლავის სიგრძე მას საშუალებას აძლევს, დისტანციაზე დაიჭიროს მეტოქე, ხოლო კონტრშეტევისას იქონიოს ძნელად მოსაგერიებელი წვდომა. ამავე დროს, კლიჩკო საუკეთესო ტაქტიკოსია. თუმცა, ბევრის აზრით, შესაძლოა ზედმეტად კარგიც. მას შეუძლია მთელი მატჩის განმავლობაში მოთმინებით ელოდოს თავის შანსს და არასოდეს გაიხსნას. ეს კი მის მიერ შემოთავაზებულ წარმოდგენას ერთობ მოსაწყენს ხდის. ამიტომაც კრივის ტრანსლაციებში სპეციალიზებული უმსხვილესი ამერიკული არხები HBO და Showtime უკვე კარგა ხანია უარს ამბობენ ვლადიმირ (ისევე, როგორც ვიტალი) კლიჩკოს მატჩების ტრანსლაციებზე. სამაგიეროდ, კლიჩკოების სტილი საუკეთესოდ მოერგო გერმანიას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც კრივის სამყაროში ბობოქარი ბიოგრაფიისა და ნაიარევი ფიზიონომიის მებრძოლებს სცემენ პატივს, გერმანელი კაცის გემოვნებაში უფრო ძმები კლიჩკოების მსგავსი კონტროლირებადი ძალადობაა. აქ კლიჩკოები უზარმაზარ სტადიონებსაც ავსებენ. ასე მაგალითად, 2009 წლის ივნისში ვლადიმირის ბრძოლამ უზბეკ რუსლან ჩაგაევთან, გელზენკირხენის ფელტინს არენაზე 61 ათასი მაყურებელი შეკრიბა.

ჯამში, მოსაწყენია თუ არა, ვლადიმირ კლიჩკო უმაღლესი კლასის მოკრივედ რჩება: „მე რომ ყველა დროის 15 საუკეთესო მძიმეწონოსანი დავასახელო, პირველი სამეულის – მუჰამედ ალის, ჯორჯ ფორმანის და ჯო ლუისის შემდეგ, ვლადიმირ კლიჩკოს სადღაც მე-7 პოზიციაზე დავასახელებდი. ის მაინც არაა ხელწამოსაკრავი მუშტარი. მისი ტიტულებიც ამაზე მეტყველებენ, არა?" – ამბობს ფრანგულ ეკიპში ტომი ბრუქსი, კრივის ლეგენდარული მწვრთნელი, რომელსაც ევანდერ ჰოლიფილდთან, მაიკ ტაისონთან, მაიკლ გრანტთან და ბევრ სხვასთან უმუშავია.

სპარტანული ბავშვობა და საუცხოოდ ორგანიზებული კარიერა

სპორტული თვალსაზრისით, ვლადიმირ კლიჩკო საბჭოთა საკრივო სკოლის ტიპური პროდუქტია. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონი ზემძიმე წონაში, უმცროსი კლიჩკო, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ბროვარის ოლიმპიური სკოლის აღზრდილია. ძმებ კლიჩკოებს საკმაოდ პირქუში ბავშვობა ჰქონდათ. მათ ძირითადად საბჭოთა სამხედრო ნაწილებში უწევდათ ცხოვრება, სადაც მათი მამა, ავიაციის ოფიცერი ვლადიმირ (Володи́мир) როდიონოვიჩ კლიჩკო ინიშნებოდა ხოლმე თანამდებობრივად. ვიტალი კლიჩკო 1971 წელს ყირგიზეთშია დაბადებული, ვლადიმირი კი ხუთი წლით გვიან ყაზახეთის დაბა სოლნეჩნოეში.
საბჭოთა ოფიცრის საკადრისად, მამა კლიჩკო თავის ბიჭებს სპარტანულად ზრდიდა. ცელქობის შემთხვევაში, ძმებს გამათრახებაც არ ასცდებოდათ ხოლმე. 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის კვალობაზე, ვლადიმირ როდიონოვიჩმა ოფიცრის ღირსების საკითხად ჩათვალა სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება. 2011 წელს სამოცდაოთხი წლის ასაკში მისი გარდაცვალებაც უთუოდ ამ სახიფათო საქმიანობის შედეგია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ კლიჩკო გერმანიაში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშედ მუშაობდა.

გასულ წელს გერმანიაში გამოიცა ძმები კლიჩკოების ბიოგრაფია („Die Klitschos"), რომლის ავტორი – ლეო ლინდერი მოგვითხრობს იმ ჩრდილოვან მხარეებზე, რომლებიც თითქოსდა თან სდევდა ძმების კარიერას ადრეულ ეტაპზე. ასე მაგალითად, ლეო ლინდერი ამტკიცებს, რომ კლიჩკოების კარიერაში აქტიურად ერეოდა ადგილობრივი მაფიოზი ვიქტორ რიბალკო, მეტსახელად „რიბკა" (დახვრიტეს კიევის ცენტრში 2005 წელს). წიგნში მოთხრობილია, რომ ატლანტის ოლიმპიადისთვის უკრაინის კრივის ფედერაცია ზემძიმე წონაში ვიტალის ანიჭებდა უპირატესობას, რადგან ეჭვი ეპარებოდა „ვლადიმირის უნარში გაეძლო სტრესისთვის". თუმცა, ამაზე განსხვავებული აზრის იყო ვიქტორ რიბალკო. საბოლოო ჯამში, ვიტალი კლიჩკო ჩავარდა დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლზე, ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა ვლადიმირი და გამარჯვებული დაბრუნდა კიდეც ატლანტიდან.

კრივის სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ ვლადიმირ კლიჩკოსთვის დამახასიათებელ საქმის საუცხოო ორგანიზაციას. 2004 წელს ბრიუსტერთან განცდილი მარცხის შემდეგ ვლადიმირმა იმუშავა მითიურ მწვრთნელთან – ემანუელ სტიუარდთან, რომელმაც გამოასწორებინა არსებული ხარვეზები (სტიუარდი ხშირად აღნიშნავდა, რომ ვლადიმირი, ისევე როგორც ვიტალი, არ დაიბადა მოკრივედ, არამედ ასეთად იქცა). ამავე დროს, კლიჩკო მანიაკალურ ყურადღებას იჩენს ნებისმიერი დეტალისადმი, კვების რეჟიმით დაწყებული, რინგზე გამოსასვლელი ხალათის (წითელი, მოოქროვილი კანტებით) და სპორტული ფეხსაცმლის ფერით (ხშირად თეთრი) დამთავრებული.

განსაკუთრებულია უფროსი ძმის როლიც ვლადიმირ კლიჩკოს მატჩების ორგანიზაციაში. შავკანიანი ფრანგი მძიმეწონოსანი ჟან-მარკ მორმეკი, რომელმაც უკრაინელისგან ნოკაუტი იწვნია 2012 წლის მარტში, ასე აღწერს ამ ამბავს: „ბრძოლის დაწყებამდე ვიტალი შემოვიდა გასახდელში შესამოწმებლად, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში – ხელთათმანები, დამცავები და ა.შ. არადა, წესით, ეს ფედერაციის როლია. ეს ყოველივე მეტოქეზე ზეწოლას ემსახურება. კლიჩკოსთან ბრძოლისას ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მთას ეტაკები".

სპორტსმენი, ბიზნესმენი და „სელებრითი"

ვლადიმირ კლიჩკო საკმაოდ ადრე მიხვდა, რომ მოკრივის კარიერაში შემთხვევითობასა და იმპროვიზაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. გერმანიაში მის საქმეებს განაგებს KMG (Klitschko Management Group), რომლის მარკეტინგის დირექტორმა, 34 წლის ჰამბურგელმა ლამაზმანმა ტატიანა კიელმა მოიზიდა უმსხვილესი გერმანული ფირმები – Warsteiner (ლუდი), McFit (ფიტნეს-დარბაზები), s.Oliver (მოდა), HIS (ჯინსები), Deutsche Telecom (სატელეფონო კომუნიკაციები) და სხვა. ამ კომპანიების გარდა, ტელეარხ RTL-ისგან და ბირჟაზე განთავსებული ორთაბრძოლების აქციებისგან მიღებულ შემოსავლებს ჟურნალი ფორბსი წლიურ 24 მილიონ დოლარად აფასებს. ამას გარდა, ძმები კლიჩკოების მფლობელობაშია საპრომოუტერო კომპანია K2 Promotions, რომლის ერთი ოფისი ლოს ანჯელესშია, მეორე კი კიევში. ათობით მოკრივემ მოაწერა ხელი კლიჩკოების კომპანიასთან, მათ შორის, ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ოლექსანდრ უსიკმა.

ოთხ ენაზე – უკრაინულად, რუსულად, გერმანულად და ინგლისურად უპრობლემოდ მოსაუბრე ვლადიმირ კლიჩკოს ინტელექტუალი მოკრივის იმიჯიც აქვს. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საკითხებში მეცნიერებათა კანდიდატი და სოლიდური იუმორის გრძნობის მქონე, ის სასურველი სტუმარია ისეთ სახელოვან თოქშოუებში, როგორიცაა, მაგალითად, კონან ო'ბრაიენის გადაცემა. დაბოლოს, კლიჩკოს „სელებრითი" იმიჯს ამყარებს მისი ისტორიები ტოპმოდელებსა და მსახიობებთან, რომელთა შორის იყვნენ უკრაინელი მოდელი ალექსანდრა ავიზოვა (მისი პირველი მეუღლე), ჩეხი მოდელი კაროლინა კურკოვა, გერმანელი მსახიობი ივონ კატერფელდი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლუსი ლიუ და მისი ამჟამინდელი საცოლე, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი.

ამჟამად 38 წლის ვლადიმირ კლიჩკო, რომლის საბრძოლო კომპოზიციაა Red Hot Chili Peppers-ის Can't Stop, სულაც არ აპირებს გაჩერებას: „მე კვლავაც მადაზე ვარ, მე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე ოდესმე. ჩემი მისია ჯერაც არ არის დასრულებული", ამბობს ის და აცხადებს მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების სურვილს. ანუ, შემდეგი სამიზნე რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებია.
ფოტოებზე:

1. 2013 წლის 9 დეკემბერი. ვლადიმირ კლიჩკო „ემუქრება" კიევის მაიდანზე მყოფ პოლიციელებს.

2. კლიჩკო და მისი ამერიკელი საცოლე ჰეიდენ პანეტიერი

 

კომენტარები