კალაძე: ვფიქრობ, პრემიერმა მექანიკური შეცდომა დაუშვა

ვიცეპრემიერის კახა კალაძის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, მექანიკური შეცდომაა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ უთხრა.

“რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, თქვენ თუ თავიდან ბოლომდე ნახავთ პრემიერის სიტყვას, ის ამბობს - ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ ისინი ყველგან იყვნენ გამარჯვებულები, ასევე გვაქვს ჩვენ, გვინდა, რომ ყველგან გავიმარჯვოთ. უბრალოდ, მერე მის მიერ გაკეთებული განცხადება “არ დავუშვებთ”, ვფიქრობ, მექანიკური შეცდომა იყო”, - აღნიშნა კალაძემ.

ვიცეპრემიერის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საია-ს ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ პრემიერის ის განცხადება იყო, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნება არ დაუშვებს თვითმმართველობის არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.

კომენტარები