მევენახეობა

ღარიბაშვილი: გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო

წინა ხელისუფლების პირობებში ვაზი მიზანმიმართულად იჩეხებოდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელის რაიონის სოფელ ენისელში ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა.

"გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს გასულ წელზე გაცილებით უკეთესი რთველი იყოს. წინა ხელისუფლების პირობებში ვაზი მიზანმიმართულად იჩეხებოდა, რასაც მტერიც კი არ გააკეთებს. ადამიანებს სურვილი დაეკარგათ შრომის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ვენახში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და იაფი კრედიტების მეშვეობით ბევრ მეურნეს მიეცა მეურნეობის განვითარების საშუალება. მისი თქმით, ხელისუფლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ვაზის გაშენებას, მოსავლის რეალიზებას, ხარისხის ზრდას და პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე გატანას. ღარიბაშვილის თქმით, განვითარებული სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.

კომენტარები