წამლების ფასი

სერგეენკო: სამინისტრო მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში არ მონაწილეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქართულ სააფთიაქო ბაზარზე მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი გაძვირება არ აღინიშნება. სერგეენკომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება შეაფასა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა.

"მე არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც აღვნიშნავ, რომ მაქვს გარკვეული კორექტული, კორპორატიული სოლიდარობის შეგრძნება და ჩემი ყოფილი კოლეგების კრიტიკას ვერიდები, თუ სხვა გამოსავალს მიტოვებენ. მაგრამ რაც დრო გადის, ესენი ამ შანს მიმცირებენ. პირველი, რაღაც გამოცდილება მეც მაქვს ცხოვრებაში და იშვიათად შემხვედრია ასე ნეგატივზე ორიენტირებული და ნეგატივის მაძებარი აქტივობა, რასაც მე ვუყურებ ჩემი ყოფილი კოლეგების მხრიდან. ვგულისხმობ ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და სანდრო ურუშაძეს. აშკარად ისეთი დაგემოვნებით აღწერენ ხოლმე ამ კატაკლიზმებს ქართულ ჯანდაცვაში, თითქოს სადღაც მტრულ სახელმწიფოში ხდებოდეს და ჩვენს მოქალაქეებს არ ეხებოდეს", - თქვა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ფასების მონიტორინგს აქვს თავისი მკაცრი წესები - მთლიანი მედიკამენტების ჩამონათვალი სხვადასხვა ლოტებად იყოფა და მონიტორინგი ასე ხორციელდება.

"ეს ლოტები არის ე.წ. ბესტსელერები, ყველაზე ხშირად გაყიდვადი წამლები, ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის დაავადების სამკურნალო პრეპარატები – ჩვენთვის ეს არის ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის და ეს არის ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების ლოტი. შეჯამება ფასების დინამიკაზე ხდება ხოლმე ასე კომპლექსურად და არა - ციტრამონი ღირდა 40 თეთრი და გახდა 45 თეთრი", - აღნიშნა სერგეენკომ და დასძინა, რომ მისი კოლეგების მიერ ზედაპირულ და ტენდენციურ მიდგომას აქვს ადგილი.

მინისტრის თქმითვე, "ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში არ მონაწილეობს. დაგვხვდა სისტემა, სადაც სრულად კერძო სექტორია წარმოდგენილი და ფასებს ბაზარი არეგულირებს", - დასძინა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. ენმ-ის სამოქალაქო-საზოგადოებრივი მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა, რისი ნათელი მაგალითიცაა მედიკამენტების ღირებულების მატება. მისი განცხადებით, ამის გამო, პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა და ისინი უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ.

ჭიაერაშვილს საქსტატის მონაცემები მოჰყავს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასი 7,1%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის (მათ შორის, მედიკამენტები), აპარატურის და მოწყობილობის - 6,8 %-ით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურების - 2,7%-ით.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ მოიტანა ის სიკეთე, რასაც მოქალაქეები ამ პროგრამიდან ელოდნენ და რასაც მათ ქართული ოცნება პირდებოდა. ჯერ ერთი, 2012 წლამდე დანერგილი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტებისგან განსხვავებით, ეს პროგრამა საერთოდ არ ფარავს მედიკამენტების ხარჯს. მეორეც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორმა წარმართვამ ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, წამლებზე, ფასების ზრდა გამოიწვია" - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები