წინასაარჩევნო გარემო

MDF: რუსთავი 2-ზე გასული ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს

მედიის განვითარების ფონდი უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, შეისწავლოს რუსთავი 2-ის ეთერში 11 მაისს გასული ვიდეორგოლის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან. ორგანიზაციის აზრით, ვიდეორგოლი, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაგეგმილ და მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებს შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს.

"კერძოდ, ვიდეორგოლი მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით არ იფარგლება და განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნას უშუალოდ პრემიერმინისტრთან ანუ იმ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთან აკავშირებს, რომელიც, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, აქტიურად არის ჩართული წინაასარჩევნო კამპანიაში და თავად ახდენს რეგიონებში ქართული ოცნების კანდიდატთა ნომინირებას", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა უაღრესად მნიშვნელოვანია.

"არ უნდა მოხდეს მთავრობის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამების საარჩევნო აგიტაციად აღქმა და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ დაიცვას ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა, როცა წინაასარჩევნო პერიოდში შეზღუდა ეთერში ისეთი ვიდეო რგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა", - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

კომენტარები