რუსთავის მერობის ენმ-ის კანდიდატი: პრემიერის განცხადება თვალთმაქცურია

რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მიმართებაში პრემიერმინისტრის განცხადებას თვალთმაქცურს უწოდებს. მისი თქმით, უკვე თვეებია, კორუფციული ტენდერის შედეგად დაზარალებული მძღოლები თავიანთი უფლებების დაცვას საპროტესტო აქციებით ქართული ოცნების სათავო ოფისთან ცდილობენ. ჩიქოვანის განცხადებით, "უკანონოდ დაჩაგრულ მძღოლებს ხელისუფლების წევრები და რუსთავის მერი ცინიკურად ექცევიან, არ ხვდებიან და აბუჩად იგდებენ, ახორციელებენ ტერორს". მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის ფასად ხდება ვიღაცის ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება. 

"ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის ფარისევლური განცხადებები ღარიბაშვილის სტილში, მეორე მხრივ, გვაქვს რეალობა, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები დასდევენ მძღოლებს, ემუქრებიან, მათგან ითხოვენ – ორ დღეში მოაწერონ ხელი კაბალურ ხელშეკრულებას, რომლის წინააღმდეგაც თვეებია იბრძვიან. მოვუწოდებთ რუსთავის მერს, ძალოვანი სტრუქტურების რიგ წარმომადგენლებს, თავი დაანებონ ძალადობას, ტერორს, გარდაცვლილი ადამიანის სახელის შეურაცხყოფას. უსამართლობაა ამ ადამიანების უმუშევრობისა და შიმშილისათვის გაწირვა. მოვუწოდებთ კორუფციული ტენდერის შედეგები თავად დღევანდელმა ხელისუფლებამ გააუქმოს ან არადა ამას გავაკეთებთ ჩვენ, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე", - აცხადებს ჩიქოვანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსთავის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისა და ყველა იმ მძღოლის დროული დასაქმებისკენ მოუწოდა, რომლებიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე აქამდეც მუშაობდნენ. ღარიბაშვილმა ამის შესახებ რუსთავში, ქვემო ქართლის რწმუნებულ გიორგი მღებრიშვილთან და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანას კონკურსში გამარჯვებული კომპანია ინტერტრანსი საკუთარი მიკროავტობუსებით განახორციელებს. ამას რუსთაველი მძღოლები რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ. მათ ორი დღის წინ, რუსთავის შესასვლელში აქცია გამართეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტი 2 მაისს მომხდარ შემთხვევასაც უკავშირდებოდა. სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთი მძღოლი გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები