აფხაზეთი Google Voice-ში

კვირიკაშვილი: Google Voice-ში აფხაზეთის ყოფნაზე რეაგირებას მოვახდენთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთის ყოფნის ფაქტზე საქართველო რეაგირებას მოახდენს. კვირიკაშვილმა ივარაუდა, რომ აღნიშნული შეცდომაა.

„დარწმუნებული ვარ, ეს შეცდომაა. მე გუშინ შევიტყვე ამის შესახებ და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამაზე რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი. Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეოზარები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ამასთან, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის ამ ორ ქვეყანაში დარეკვა უფასოა, ხოლო სხვა ქვეყნებში განსხვავებული ტარიფები მოქმედებს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, პირველივეა აფხაზეთი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი - 14 ცენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი – სამხრეთ ოსეთი ამ ჩამონათვალში არ არის.

კომენტარები