უხილავი სივრცეები

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე

facebook.com/DeaVellengur

პირველად კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიაში, ქართული ფილმი მონაწილეობას მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების კონკურსში მიიღებს. ”უხილავი სივრცეები” ასე ქვია დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევარს. ფილმის მოქმედება ერთ დახურულ სივრცეში - პატარა ბინაში ხდება. ეს პირობითი სივრცე, ჩვეულებრივი ბინა, იმ ოჯახის ცხოვრების ჩარჩოა რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ისტორია მამის, რომელიც მღვდელია, დედის რომელიც არის დიასახლისი და მათი მცირეწლოვანი შვილის რომელიც ამ დახურულ სივრცეში ყალიბდება პიროვნებად. ფილმში”უხილავი სივრცეები”  ნინო შენგელაია, რატი ონელი და მარიამ ძიძიკაშვილი თამაშობენ. ეს მათი სადებიუტო როლებია. მსახიობები ისევე როგორც, გადამღები ჯგუფი ფილმში ანაზღაურების გარეშე თამაშობენ. ნამუშევრის მწირი ბიუჯეტი რეჟისორმა საკუთარი სახსრებით დააფინანსა.

დეა კულუმბეგაშვილი 2011 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს ბავშვობაში რეჟისორობაზე ნამდვილად არ ოცნებობდა. ამ ფილმის გადაღების იდეა კი საქართველოდან შორს მყოფს, აქაური სიტუაციის შეფასებისა და გადაფასების დროს გაუჩნდა.

”ამ ფილმის გადაღების გადაწყვეტილება, თუ შეიძლება ასე დავახასიათო ის პროცესი რომელიც ფილმის გადაღებით დასრულდა, ბუნებრივად და თავისთავად მოხდა.  2011 წლიდან ვცხოვრობ ნიუ ორკში. ალბათ ამ ქალაქში ცხოვრების დროს, როცა საქართველოდან ფიზიკურად ასე შორს ვარ, მოვახერხე საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ დაფიქრება, შეიძლება გადაფასება. აქ, როცა ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით საინტერესოა ჩემს საკუთარ იდენტობაზე ფიქრი. მაშინ როდესაც თანამედროვე მედია ასე დაწვრილებით და აქტიურად აშუქებს ყველაფერს რაც მედიის გაშუქების “ღირსი” ხდება, ჩემთვის საინტერესოა მოვყვე იმ ადამიანების ისტორია ვისი ხმის გაგონებაც ხშირად არ გვინდა და ვისი იგნორირებაც უფრო კომფორტულია ვიდრე მათი დანახვა. ფილმი ეხება პირველყოფილ გრძნობებს და ურთიერთობებს - ეს არის ისტორია მამის, რომელიც მღვდელია, დედის რომელიც არის დიასახლისი და მათი მცირეწლოვანი შვილის რომელიც ამ დახურულ სივრცეში ყალიბდება პიროვნებად. მათი ვითომ უმოქმედო, ღმერთს მინდობილი და პასიური არსებობა “სიყვარულით და სიყვარულისთვის” და ამ არსებობის ნიუანსები არის ფილმის თემა და ისტორიის ძირითადი ნაწილი. სცენარზე ფიქრის დაწყებამდე, გამიჩნდა აზრი მომეყოლა ახალგაზრდა მღვდლის ოჯახის ისტორია. როგორია ეს მღვდელი რომელსაც გულწრფელად სჯერა და სწამს მისი რელიგიის და რომელიც მოსიყვარულე მეუღლე და მამაა ? ამის შემდეგ გაჩნდა ჩემს წარმოსახვაში მისი მეუღლე, რომელიც ყოველ დილით განსაზღვრულ დროს იღვიძებს და საუზმეს გამზადებამდე სამზარეულოში მარტო ზის. ეს მისი მყუდრო და პირადი მომენტია. მომენტი სანამ მის საყვარელ შვილს და მეუღლეს სძინავთ. ამ ქალზე სულ უფრო მეტს ვფიქრობდი და ასე ნელ - ნელა მივხვდი რომ ეს ქალი უნდა იყოს სცენარის მთავარი მოქმედი გმირი, რადგან მას მოსაყოლი ბევრი აქვს. თუმცა, ხმის ამოღებას იშვიათად ახერხებს” - ასე აღწერს დეა კულუმბეგაშვილი ნამუშევრის სიუჟეტსა და ფილმის ინსპირაციას.  

კანის 67-ე კინოფესტივალი 14-25 მაისს გაიმართება. დეა კულუმბეგაშვილი კი მომავალი პროექტისთვის ემზადება, რომლის გადაღებასაც ზაფხულში აპირებს.

 

კომენტარები