ოლოგარქიული მმართველობა

თარგამაძე: თამაზაშვილის და მამაცაშვილის შტოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის შეფასებით, შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომით შინაგან საქმეთა მინისტრის ჩანაცვლება მოხდა. როგორც მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, შსს-ს სწორედ ჯანყარაშვილი განაგებდა და ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ჯანყარაშვილი იყო ფიგურა, რომელიც მოათავსეს ერთი მხრივ ჩრდილში და მეორე მხრივ, იმ ადგილზე, სადაც მთელი შსს სისტემის კონტროლი შეეძლო. გადაცემა თეორემაში თარგამაძემ ოლიგარქიული მართვის სქემაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, დღეს საქართველოშია. დეპუტატის თქმით, ერთმანეთს დაუპირისპირდა თამაზაშვილი-ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის და [ბერა]ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძის ფრთა. 

"ჯანყარაშვილი არის თამაზაშვილის დისშვილი და რეალურად, წამყვანი ფიგურა იყო გავლენის და უშუალოდ სხვადასხვა სფეროსთან შეხების თვალსაზრისით. ის ოჯახში ითვლებოდა უფრო ფხიან ბიჭად, ვიდრე ღარიბაშვილი და სწორედ მას ჩაბარდა ეს ფუნქცია. მისი ფუნქცია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შსს-თი, პრაქტიკულად მისი სანათესაოთია დაკომპლექტებული ის სტრუქტურები, რომელსაც პირობითად რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის განშტოება დაეპატრონა. ეს არის ინფრასტრუქტურა, გზების დეპარტამენტი, ასევე, წყლის მეურნეობა საქართველოს მასშტაბით, სადაც მისი უახლოესი მეგობარია დასაქმებული" - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ჯანყარაშვილი შს მინისტრად იმიტომ არ დანიშნეს, რომ არ ჰქონოდა პასუხიმგებელობა. დეპუტატის თქმითვე, ჯანყარაშვილს ჰქონდა ზეწოლის ბერკეტები ბიზნესზე, ასევე, მოსამართლეებზე, რის ერთ-ერთ მაგალითადაც თარგამაძემ გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების ფაქტი დაასახელა.

გივი თარგამაძის განცხადებით, ქვეყანას დღეს ძირითადად არაუფლებამოსილი პირები მართავენ.

"თითო-ოროლა უფლებამოსილი პირია, მაგალითად, ღარიბაშვილი. სათავეში ამ ყველაფერს მთავარი არაუფლებამოსილი პირი ბიძინა ივანიშვილი უდგას. მართვა იყოფა ორ პარალელურ სტრუქტურად, თამაზაშვილის ჯგუფი ღარიბაშვილის ირგვლივ, რომლებმაც ჩაიგდეს ხელში ინფტასტრუქტურა" - თქვა თარგამაძემ და დაამატა, რომ ზვიად ჯანყარაშვილის გამოცვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაკოჭლებაზე მეტია.

მისივე მტკიცებით, ოლიგარქიული მართვის სქემაში მეორე შტო არის ბერა ივანიშვილი, "რომელიც თავისი საახლობლოთი, სიმპათიებით და ნათესაობით განაპირობებს მეორე შტოს კონფიგურაციას". თარგამაძის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბერა ივანიშვილის პროდიუსერის  სიძეა და სწორედ ამის გამო იქცა შეუცვლელ ფიგურად. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბერა ივანიშვილის ასაკის გამო, "ეს ყველაფერი ჩაბარდა ყოფილი პრემიერის საყვარელ დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და ბერას ფავორიტს კახა კალაძეს. სწორედ ეს არის მეორე, გაცილებით დიდი გავლენის დაჯგუფება".

გივი თარგამაძის თქმით, მეორე შტო გია ხუხაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა დაიწყეს რაც გამოიხატებოდა არსებულ კომპანიებზე ზეწოლით. ახლა კი, უმცირესობის წევრის მტკიცებით, მთელ მსხვილ ბიზნესს აკონტროლებს უჩა მამაცაშვილი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და არ გააჩნია არანაირი თანამდებობა. თარგამაძის თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა თანაინვესტირების ფონდი, რომელიც პრაქტიკულად აკოპირებდა საპარტნიორო ფონდის ფუნქციებს.

"შეიქმნა მამაცაშვილისთვის, რომ ნომინალური ფუნქცია მაინც ჰქონოდა" - დასძენს თარგამაძე.

მისივე თქმით, მითი დავით კეზერაშვილზე, რომ განაგებდა ყველა მსხვილ ბიზნესს, მოიგონეს იმისთვის, რომ თავად გაეკეთებინათ იგივე.

"კეზერაშვილს დღემდე ვერ დაუმტკიცეს ვერანაირი ბრალი ამ მოქმედებებით, ვითონ კი, თავისივე აღიარებით ამას უკვე ახორციელებენ" - ამბობს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული სქემის ორი შტოს დაპირისპირება საკმაოდ ხანგრძლივია. მისი თქმით, "ამის საუკეთესო დასტური იქნება, როდესაც ვნახავთ კონკრეტულ ცვლილებებს ბიზნესის და სხვადასხვა მიმართულების კონტროლის სფეროში და ეს ხდება ახლაც". 

"როცა გასკდა ფარცხალაძის ნასამართლობის თემა, მაშინ ჯანყარაშვილი იყო მოწადინებული მისი სწრაფი გათავისუფლებით და შემდეგ განსაკუთრებით იმით, რომ ამ ადგილზე არ დარჩენილიყო ფარცხალაძის მიერ კონტროლირებადი ჯგუფი. ბოლოს მაინც ფარცხალაძის კონტროლირებადი ჯგუფი დარჩა. დღევანდელ სიტუაციაში კი, ჯანყარაშვილის ჩამოცილებაში ფარცხალაძეც იყო პირადად დაინტერესებული. მთლიანობაში, ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს, რადგან ერთია, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ღარიბაშვილის სიმამრი და მისი დისშვილი და მეორე, მისი საყვარელი ვაჟი და დეიდაშვილი. როცა ჩვენ იანუკოვიჩიზაციაზე ვლაპარაკობთ, სწყინთ, მაგრამ ოლიგარქიული მმართველობა ხორციელდებოდა იქაც და აქაც. საბოლოოდ, იანუკოვიჩმა დაავიწროვა ოჯახური წრე და ჩაკეტა მთელი სისტემა საკუთარ ვაჟზე. ჩვენც მივდივართ სწორედ აქეთ, უფრო ახლო ნათესავის ჯგუფზე სიტუაციის ჩაკეტვაზე. ახლა უნდა დავაკვირდეთ, ვინ დაიკავებს იმ პოზიციას, რომელიც დატოვა ჯანყარაშვილმა. სქემა არ შეიცვლება, ორი ვარიანტია მხოლოდ - ან ჯანყარაშვილი დატოვებს საკუთარ ადამიანს და დადგება ზუსტად ფარცხალაძის მდგომარეობაში ან ფარცხალაძე დანიშნავს თავის ადამიანს და მისი დროებითი ჰეგემონია იქნება საკმაოდ განუსაზღვრელი" - განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები