წინასაარჩევნო გარემო

ღარიბაშვილი: მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ სასამართლო პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე ბრალდებულებზე არ გავრცელდება. მისივე შეფასებით, მორატორიუმთან დაკავშირებით ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

"ეს არის ძალიან ნორმალური და ცივილიზებული ფორმა – ჩვენ გვსურს, მშვიდ გარემოში წარიმართოს საარჩევნო კამპანია, არავის მივცეთ საშუალება, მოახდინოს სპეკულაციები და თქვას, რომ არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, სამართალდამცავი ორგანოები თავს შეიკავებენ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. ცხადად ითქვა ყველაფერი და ამაზე დამატებითი კითხვები, მე მგონი, აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სასამართლოს, თუ პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ნორმალური და ძლიერი სახელმწიფოა.

”მე მომივისმინე წუხილი იმის თაობაზე, თუ რატომ გამოვაცხადეთ მორატორიუმი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლების დაკავებებზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ხალხში არ დარჩეს რაიმე შეკითხვა – ესაა აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმა, რადგან გვსურს დავუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს, რომ ვართ ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არის მზად გამოწვევებისთვის და რომელსაც აქვს ამბიცია, გახდეს თანამედროვე, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფო”, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, 14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ. 

კომენტარები