საქართველო და უკრაინა

საქართველო და უკრაინა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვაში

„პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო", ასეთი შთამბეჭდავი სათაური ჰქონდა წიგნს, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა რონ ასმუსმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს მიუძღვნა. შესაძლოა ვიფიქროთ, რა არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ სათაურში? თავად სათაურში არაფერი, უბრალოდ მის ქვეშ იგულისხმება დიდი გეოპოლიტიკური შინაარსი, რომელზეც გვინდა დღეს ვისაუბროთ.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის მიერ ყირიმის ფაქტობრივმა ანექსიამ, რაც გამოიხატება ყირიმის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და 16 მარტს დანიშნულ რეფერენდუმში, უკვე სრულიად ცხადი გახადა რუსეთის ამბიციური გეგმა, შექმნას ახალი, მოდერნიზებული იმპერია – ე.წ. ევრაზიის კავშირი. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო აგვისტოს ომიც.

ფაქტია, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური მიზანი არის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლა, რათა ისინი აიძულოს შევიდნენ ახალ მოდერნიზებულ იმპერიაში და დაუქვემდებაროს საკუთარ გავლენას. ეს გეოპოლიტიკურად ნიშნავს პოსტსაბჭოთა სივრცეზე NATO-ს და ევროკავშირის პოლიტიკური გავლენის პრაქტიკულ მოსპობას და დროთა განმავლობაში მთლიანად ვარშავის ბლოკის ქვეყნების რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას, კვლავ მოახდინოს მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცის პოლარიზება ორ ვექტორზე, დასავლეთზე და რუსეთის ფედერაციაზე.

თუ გავაანალიზებთ, სად გადიოდა გეოპოლიტიკური ნიშნული აგვისტოს ომში, კარგად დავინახავთ იმ შინაარსს, რომელიც ზემოხსენებული წიგნის სათაურს მიღმა იგულისხმება. დასავლეთის ჩართულობა აგვისტოს მოვლენებში გულისხმობდა რუსეთის იმპერიული ამბიციების შეკავების მცდელობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საქართველოს საგარეო უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროკავშირის უსაფრთხოებას. ახლა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ნათელი მოჰფინა იმ სკეპტიციზმსაც კი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ გამოიჩინა, სადაც რუსეთს არ დაუწესეს არავითარი სანქციები და შემოიფარგლნენ მხოლოდ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერით, რამაც რუსეთს დღეს მისცა საშუალება, ანალოგიურად თავხედურად ემოქმედა უკრაინაში.

დღეს ნათელია, რომ აგვისტოს ომი და უკრაინაში ამჟამად განხორციელებული ქმედებები არის ერთი გეგმის და ერთი გეოპოლიტიკური მიზნის ნაწილი. საინტერესოა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პოლონეთის პრეზიდენტი, აწ განსვენებული ლეხ კაჩინსკი, მთელ მსოფლიოს აფრთხილებდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ლოკალურად საქართველო-რუსეთის ურთიერთობა – არამედ ეს იყო რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების ნაწილი და ამ ომს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ევროპის გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის გაბედულება, დაეწყო საქართველოს ოკუპაცია, რომელიც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის დაკავებით დასრულდა, იყო საკუთარი, იმპერიული ამბიციის ფიზიკურად, სამხედრო ძალით გაცხადების დემონსტრირება. ამ ქმედებით, მან ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ მისი ამბიციები არის საკმაოდ დიდი და ის არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს არის სწორედ ის საშიშროება, რასაც რუსეთი სამხედრო ძალით უდგება წინ, როგორც 2008-ში საქართველოში, ისე ახლა უკრაინაში, ყირიმის ფაქტობრივი ანექსიით და არამარტო ყირიმზე პრეტენზიით.

რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი საქართველოს და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს?

Russian military servicemen in Crimea, Ukraine 2014.
ფოტო: AFP
ამ შეკითხვაზე ძალიან კარგი პასუხი გასცა 2011 წლის ნოემბერში რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელმაც განაცხადა: „იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ დაიცავდა სამხრეთ ოსეთს, რიგი ქვეყნებისა შევიდოდა NATO-ში და ეს შეცვლიდა გეოპოლიტიკურ რეალობას". თუ ამ განცხადებას გავშლით, მივიღებთ შემდეგ სურათს: მაგალითად, საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია პრაქტიკულად აბსურდად აქცევს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიზანშეწონილობას. ამ შემთხვევაში იცვლება ის გეოპოლიტიკური რეალიები, რომელზეც საუბრობდა ბატონი მედევედევი 2011 წლის ნოემბერში.

გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლა ერთადერთი საშუალებაა, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის პროცესის დაწყება საქართველოს შემადგენლობაში. ასეთ რეალობაში რუსეთი იძულებული გახდება ჩადგეს არა თავდასხმის, არამედ თავდაცვის პოზიციაში. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს NATO-ში შესვლა სულ სხვა პროცესებს დაუდებს საფუძველს, რაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მთლიანობისთვისაც გამოდგეს სახიფათო. ეს პროცესი რუსეთს აიძულებს იაროს არა წინ, ამიერკავკასიის მთლიანი ოკუპაციის მიმართულებით, არამედ შეუქმნის რეალობას, რომ დაიხიოს უკან. ეს პროცესი სათავეს დაუდებს რუსეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს, ორიენტირი გააკეთონ დასავლეთზე საქართველოს მეშვეობით. ამიტომ რუსეთისათვის ეს პროცესი ძალიან სახიფათოა და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს ეს პოლიტიკური რეალობები და ამ კონტექსტში განიხილოს რუსეთთან ე.წ. დალაგების პოლიტიკა, ასევე ის რესურსი, რაც ამ თემას გააჩნია.

რუსეთი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც იმპერიის შექმნას ხელს უშლის. აქ საუბარია კლასიკურ, მე-19 საუკუნის იმპერიულ მოდელზე. მაშინ როდესაც აშშ-ის დამოკიდებულება, ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურად სხვაგვარია. აქ საინტერესოა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადება, რომელიც მან საქართველო-ამერიკის ქარტიის მე-4 პლენარულ სესიაზე გააკეთა – „ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე და მინდა, განვაცხადო, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმუშაოს ამ თემაზე ამერიკასთან ერთად. კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორებს, დააბანდონ დამატებითი თანხები საქართველოში და დაეხმარონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, გაერთიანდნენ, გაიხედონ წინ და დატოვონ წარსული წარსულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ რეგიონული ჰაბი და დარჩეთ ლიდერები რეგიონული ურთიერთობის საკითხებში". საქართველოს პერსპექტივა აბსოლუტურად განსხვავებულია მისი დასავლური ორიენტაციის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შემთხვევაში.

საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია გამოიწვევს მძლავრ უკუეფქტს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობისთვის. გაცილებით თამამი გახდება ევროკავშირი ალტერნატიული ენერგომომარაგების კუთხით და კასპიის ენერგორესურსების ათვისების შესაძლებლობებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოსტსაბჭოთა შუა აზიაში (თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართულების (რომელიც ამჟამად საკმაოდ იაფად რუსეთის გავლით გადის ევროპაში) შეცვლა ტრანსკავკასიური მიმართულებით და, შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოებიდან გაცილებით დიდი თანხების მიღება, ხოლო ევროპაში – გაზზე რუსული მონოპოლიური ფასის დაწევა და კონკურენციის გაჩენა. ეს კი რუსეთის ინტერესებზე, რომლის ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო გაზის და ნავთობის რეალიზაციაა, ძალიან ცუდად იმოქმედებს.

კავკასიაში გავლენის დაკარგვა გარკვეულწილად აამაღლებს პოსტსაბჭოთა შუა აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის, ვინაიდან რუსეთს დღემდე საკმაო გავლენა აქვს ამ ქვეყნებზე. თავის მხრივ, დროში ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური (გაზისა და ნავთობის რეალიზაციის) ინფრასტრუქტურის ძირეულ ცვლილებას და დიდ დანახარჯებს. რუსეთის ეკონომიკისთვის და, ზოგადად, ქვეყნის არსებობისათვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოახდენს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ესეც იქნება გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა, რომელიც უბიძგებს რუსეთს საბოლოოდ დაივიწყოს იმპერიული ამბიციები. უკრაინის ევროინტეგრაცია პრაქტიკულად რუსეთს აიძულებს უარი თქვას იმ მონოპოლიურ ენერგობაზარზე, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირთან. შესაბამისად, უკრაინა ხდება ამ ენერგომიმართულების ერთ-ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე და შეუძლია რუსეთს წაუყენოს გარკვეული პირობები. რაც შეეხება ყირიმს, ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი იძულებული გახდება დატოვოს სევასტოპოლის სამხედრო ბაზა, რაც მას შავ ზღვაზე ძალიან შეუსუსტებს პოზიციებს. ყირიმში ყოფნით რუსეთი კიდევ ინარჩუნებს აღმოსავლეთ ევროპაზე სამხედრო კონტროლის მექანიზმებს. დღეს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა რუსეთს ერთი მხრივ აყენებს დიდი საფრთხის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, ის საბოლოოდ რისკავს და რუსეთის იმპერია ან გადარჩება, ან საბოლოოდ დაასრულებს არსებობას.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ რუსეთი ჯერ 2008 და ახლა, 2014 წელს სამხედრო ძალით ახდენს თავისი გავლენის შენარჩუნებას საქართველოსა და უკრაინაზე. ჩვენი აზრით, რესურსი, რომ დიპლომატიურად რუსეთმა დათმოს თავისი პოზიციები, არ არსებობს. ამიტომ დასავლეთმა, თუ მას არ უნდა კვლავ პოტსდამის კონფერენციის გაცოცხლება, აუცილებელია მოახდინოს რუსეთზე მძლავრი ზეწოლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის დღევანდელი შესაძლებლობები ძალიან ჩამორჩება საბჭოთა კავშირის დროინდელ შესაძლებლობას ყველა პარამეტრით. დღეს არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მხარს უჭერდეს რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დღეს შეძლებს ყირიმის ოკუპაციას და მიერთებას, ეს იქნება პრაქტიკულად მთელი საერთაშორისო სამართლის მარცხი და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხია აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის მიერ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და საქართველოს ჩაყენება სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ოკუპირებული ტერიტორიების და NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით. თუ დასავლეთი ასეთივე პოზიციას დააფიქსირებს ყირიმთან დაკავშირებით, ეს რუსეთისთვის იქნება ერთგვარი შვება და ამით საფრთხე შეექმნება უკვე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა მრავალრიცხოვანია. ამიტომ დასავლეთის მკაცრმა პოზიციამ, ეკონომიკურმა და სხვა სანქციებმა რუსეთი უნდა აიძულოს, უარი თქვას თავის ამბიციურ გეგმაზე, საკუთარი ინტერესები სხვა ქვეყნების ოკუპაციის ხარჯზე გაატაროს.

ბოლოს, რომ მივუბრუნდეთ ჩვენი წერილის დასაწყისში მოყვანილ ფრაზას „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო", ნათელი ხდება ამ ფრაზის მთელი კონტექსტი შექმნილ სიტუაციაში. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, დღეს არის გლობალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წერტილი. ამიტომ ამ პროცესებში მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დაახლოება დასავლეთთან. არ არის სირცხვილი ვაღიაროთ, რომ რუსეთთან სიტუაციის დალაგება, იმ მოცემულობაში, რომელიც დღესაა შექმნილი, ძალიან უპერსპექტივოა.

აქართველოსა და უკრაინის შანსი, გახდნენ საერთაშორისო გეოპოლიტიკის ქმედითი წევრები, სამწუხაროდ, პოლიტიკური ბედისწერაა და რუსეთთან საკმაოდ მტკივნეულ წერტილშია გადაკვეთილი, ამიტომ მოგვიწევს ძალიან მძლავრი წინააღმდეგობების გადალახვა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

 

კომენტარები