კანდიდატების წარდგენა

პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები წარადგინა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანსიაზე პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს ლია მუხაშავრიას, ვახტანგ აბაშიძის და ნინო კიკნაძის კანდიდატურები წარუდგინეს.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ჩიქოვანმა კომისიის წევრის თანამდებობა დატოვა, კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა. ამჯამინდელ კანდიდატს ვახტანგ აბაშიძეს წინა კონკურსზე მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა. ლია მუხაშავრია კი წინა კონკურსში პარლამენტისთვის წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი უნდა იყოს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 4 წევრი ჰყავს: აკაკი სიხარულიძე, სოფიო ბრიტანჩუკი, ირაკლი მოსეშვილი და კახი ბექაური.

კომენტარები