წინასაარჩევნო გარემო

უგულავა: დაკავებებზე მორატორიუმის გამოცხადება კლასიკური ფარისევლობაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინასაარჩევნო დაკავებებზე გამოცხადებული მორატორიუმი, კლასიკური ფარისევლობაა. მან ხონის გამგებელი და მისი მოადგილე, ასევე, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიხსენა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

"ახლა მივხვდი, რატომ დამდევდა ფინანსური პოლიცია ბათუმსა და სხვა ქალაქებში და გაშლეგებული ცდილობდა უწყისის ჩაბარებას, რომ 11 საათზე ფინანსურ პოლიციაში გამოვცხადებულიყავი და მერე, ღამე რატომ დამკითხეს. როგორც ჩანს, დავალება იყო გაცემული, რომ ორშაბათამდე ყველა საქმე მოითავეთ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა მორატორიუმის შესახებ განცხადება უნდა გააკეთოს. ეს არის კლასიკური ფარისევლობა მთავრობის მხრიდან. რა ვუყოთ ზურა ჭიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძეს - ხონის გამგებელს და მის მოდგილეს, რომლებიც 2009 თუ 2010 წელს შეშის დარიგების გამო, წინასწარ პატიმრობაში არიან. რა ვუყოთ ზურა ოტიაშვილს, რომელსაც 2009 წელს საბაჟოზე მუშაობისას რაღაც დანაშაულს ედავებიან, საკრებულოდან გამოაძევეს და წინასწარ პატიმრობაში ამყოფებენ. ის ჩვენი კანდიდატი უნდა ყოფილიყო დუშეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ღარიბაშვილს არაფერი არ უთქვამს საკუთარ ტიტუშკებთან, იმ კვერცხნოსნებთან დაკავშირებით, რომლებიც დადიან და დასდევენ ჩვენს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქალაქში. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ეს ხალხი პირდაპირ იმართება მისი სიმამრისგან და შსს-სგან. უტყუარი დამადასტურებელი უამრავი მასალა არსებობს, რომ ეს ხალხი ან გამგეობებს ან ქართული ოცნების აქტივს წარმოადგენს", - თქვა უგულავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი ცხადდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. პრემიერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყევლაფერი იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. ამიტომ, მე მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირთა დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევო კამპანიაში. ეს უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა, თან მკაფიოდ დასაბუთებული, გარდაუვალი და გადაუდებელი აუცილებლობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გახშირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა და წევრთა დაკითხვა-დაკავებები. 12 აპრილს, გვიან ღამემდე კითხავდნენ ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას. ერთი კვირის წინ დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია. ასევე, დაკითხვებზე იბარებენ გამგებლებს და მერიის თანამშრომლებს, ბრალი წარუდგინეს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას, გიგი უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხონის გამგებელი და გამგებლის მოადგილე.

კომენტარები