წინასაარჩევნო გარემო

კალაძე: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, რადგან პირადად ახსოვს, "რა მდგომარეობაში უწევდა ქართულ ოცნებას და მის აქტივისტებს მუშაობა" 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში.

“მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. ჩვენ, მთავრობა ვიძლევით გარანტიას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კი, კვერცხები ესროლეს. ასევე, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ხოლო 7 აპრილს, ახალციხეში ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას კვერცხები დაუშინეს. 

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, ხელისუფლებას მოუწოდეს, წინასაარჩევნო შეხვედრებზე ძალადობა არ დაუშვას.

კომენტარები