როლანდ ახალაიას საქმე

ჭიაბერაშვილი: ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას ხელისუფლებამ რეპრესიებით უპასუხა

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ სურს ადგილობრივმა არჩევნებმა მშვიდ, წყნარ, სტაბილურ ვითარებაში ჩაიაროს. მისი თქმით, "ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ გარემოს, რაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".

ენმ-ის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის განცხადებით, პარტიის მიერ ადგილობრივი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ხელისუფლებამ რეპრესიების მორიგი ტალღით უპასუხა.

"ფიზიკური ძალადობის გარდა, რომელსაც გუშინ თვალს ადევნებდა მთელი ქართული საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ხელისუფლებამ საქმეში ჩართო პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიკური დევნის იარაღი. დღეს ზუგდიდის პროკურატურაში, უკვე ბრალდებულის სტატუსით დაიბარეს დეპუტატი როლანდ ახალაია. ასე უპასუხა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ ხვალ, ზუგდიდში დაანონსებულ დემონსტრაციას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს ადგილობრივმა არჩევნებმა მშვიდ, წყნარ, სტაბილურ ვითარებაში ჩაიაროს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს როლანდ ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარუდგინა. საქმე ანაკლიაში მშენებლობებს უკავშირდება. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა უკვე დატოვა.

"სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ", - ამბობს დეპუტატი. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პარლამენტს თხოვნით მიმართა, როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტი მოეხსნა, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საგამოძიებო უწყებებს პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლიათ.

კომენტარები