თბილისის მერობის კანდიდატი

კახა კუკავა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელეს

ახალმა მემარჯვენეებმა და თავისუფალმა საქართველომ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაასახელეს. „არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი ყველასგან ბევრი ნიშნით არის გამორჩეული. ჩვენი კანდიდატი კახა კუკავა იქნება. ამ კანდიდატის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციაში დიდი ხანია საუბრობენ“, - თქვა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ მერობის კანდიდატის წარდგენისას. ახალი მემარჯვენეები და თავისუფალი საქართველო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკს - "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქმნიან.

ჩიხრაძის თქმით, ბევრი მცდელობის, არჩევნების, პოლიტიკური პერიპეტიების მიუხედავად, საქართველოში რეალური მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. როგორც ჩიხრაძე აღნიშნავს, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური ველის ორ პოლიტიკურ ძალას შორის განაწილებას ცდილობენ. „ეს უპირველეს ყოვლისა ქვეყნისა და დემოკრატიის ინტერესებს აზიანებს", - მიიჩნევს ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ვითარების შეცვლაში არასაპარლამენტო ოპოზიციას გამორჩეული როლი აკისრია. მისი ინფორმაციით, ახალმა მემარჯვენეებმა და თავისუფალმა საქართველომ კანდიდატის დასახელების გადაწყვეტილება ბევრ პოლიტიკურ ძალასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ მიიღეს.

„ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც შექმნილ ვითარებას აცნობიერებს და პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდება. ყველასთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“, - დასძენს ჩიხრაძე.

კომენტარები