მარტინ ლიდეგაარდის ვიზიტი

მაია ფანჯიკიძემ დანიელ კოლეგას, მარტინ ლიდეგაარდს უმასპინძლა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დანიელ კოლეგას, მარტინ ლიდეგაარდს უმასპინძლა. ლიდეგაარდმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას გაიმართება შეხვედრა, სადაც ყველა აქტიური ქვეყანა, რუსეთის ჩათვლით, გაგზავნიან მკაფიო სიგნალს უკრაინაში არსებული ყველა ჯგუფისთვის, რომ კრიზისი უნდა შეწყდეს და დაიწყოს ახალი მოლაპარაკებები. მისი თქმით, უკრაინის მოვლენები ყველა მეზობელ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც ეხება.

”ვფიქრობ, უკრაინაში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია. ამასვე ფიქრობენ სხვა დასავლური სახელმწიფოები. უკრაინაში დროა, პრორუსულმა ჯგუფებმა და თავად რუსეთმა დაიწყოს სიტუაციის დეესკალაცია. ამ მხრივ ერთი სასიამოვნო სიახლეა. მომდევნო კვირას გაიმართება შეხვედრა, სადაც ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, აწარმოონ მოლაპარაკებები უკრაინის მომავალთან დაკავშირებით. ეს ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მეორე მხრივ,  ყველა აქტიური ქვეყანა, რომელიც ამ ჯგუფში იქნება, რუსეთის ჩათვლით, გაგზავნიან მკაფიო სიგნალს უკრაინაში არსებული ყველა ჯგუფისთვის, რომ კრიზისი უნდა შეწყდეს და დაიწყოს ახალი მოლაპარაკებათა პროცესი. ეს ასევე ეხება ყველა სხვა მეზობელ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ფოკუსი არის უკრაინაზე”, - თქვა ლიდეგაარდმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ კი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობას. 

მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება.

”ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა, აისახება უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. იქნება ეს MAP-ი, თუ სხვა ინსტრუმენტი საქართველოს NATO-ში ინტეგრირებისთვის. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. როგორც ვიცით, გადაწყვეტილებას მიიღებენ ივნისში, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ის მიიღონ უელსის სამიტამდე 1 კვირით ადრეც. ასე რომ, ჩვენ ძალიან თავდაჯერებული და იმედიანად განწყობილი ვართ, რომ ეს იქნება წარმატების სამიტი საქართველოსა და NATO-სთვის”, - თქვა ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ, დანიის დელეგაცია 9 აპრილის მემორიალთან მივიდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. შემდეგ მარტინ ლიდეგაარდი მთავრობის კანცელარიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მოგვიანებით, დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტიც უმასპინძლებს. 

კომენტარები