ინციდენტი ახალციხეში

უგულავა: საქართველოში ფაშა არავინ არ იქნება

ახალციხის მეცხრე არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალციხის ოფისთან დღეს აქცია გაიმართა. ახალციხის მეცხრე არხის ინფორმაციით, მონაწილეებმა იქ მყოფი გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიგი უგულავა და პარტიის სხვა წევრები შეძახილებით გააცილეს. ისინი შტაბში პარტიულ შეხვედრას მართავდნენ.

ახალციხის მეცხრე არხის ცნობით, გიგი უგულავამ აქციას "ტაკიმასხრობა" უწოდა და თეატრალიზებულ წარმოდგენად შეაფასა.

"იმის მაგივრად, რომ ქართულმა ოცნებამ იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში უხვად დააგროვა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მთავრობამ, დაკავებულია სწორედ ასეთი ტაკიმასხრობით. ჩვენ რომ მოვდიოდით, ქართული ოცნების ოფისთან გროვდებოდა ხალხი. ახლა ვითომ "საზოგადოებას" წარმოადგენენ, მოვიდნენ და აქციას მართავენ"- თქვა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, აღნიშნული ქმედებით ქართული ოცნება ცდილობს, წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებს მუშაობაში ხელი შეუშალოს. "მე მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, ის შეიძლება ვირტუალური "ჰაკიმ ფაშა" იყოს ინტერნეტ სამყაროში, წარმოიდგინოს თავისთავი ფაშად, მაგრამ საქართველოში ფაშა არავინ არ იქნება. ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, არის დადგმული, მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს სხვა პარტიებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ რეალურ კონკურენტს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს, მეტ მოტივაციას გვაძლევს, იმისათვის რომ ვიბრძოლოთ და ეს თავს მოხვეული შავი ჭირი ჩამოვაშოროთ ქვეყანას." – თქვა უგულავამ.

მეცხრე არხის ინფორმაციით, წასვლისას გიგი უგულავამ შეკრებილებს ხარების დღესასწაული მიულოცა და "ჰაკიმ ფაშასთან" მოკითხვა" დააბარა.

კომენტარები