ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

კალაძე ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებაზე: ენმ ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს, რაც ჩემთვის მიუღებელია", - ასე შეაფასა საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება.

მისი თქმით, თუ არსებობს კითხვები, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გასცეს პასუხი.

"პროკურატურას გააჩნია კითხვები, ნება უნდა ინებოს თითოეულმა მათგანმა და, შესაბამისად, ამომწურავი პასუხები უნდა იქნეს გაცემული ყველაფერზე", - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება არის იმ ბოლო პერიოდში განვითარებული ტოტალური შეტევის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ახორციელებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები