ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

თაქთაქიშვილი: ვინც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდა, დაკითხვაზეა დაბარებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებს პრობლემები შეუქმნას, რადგან უმცირესობას საზოგადოების პრობლემები ყოველთვის სააშკარაოზე გამოაქვს. მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც გასულ წლებში ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდა ან დაკითხვაზეა დაბარებული ან კიდევ დაკავებულია.

"ეს არის ძალიან მარტივი პასუხი პროკურორის მხრიდან, პარლამენტში პროკურატურის წარუმატებელ მოსვლაზე. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩვენ გვეუბნებიან, თუკი თქვენ შეიცვლით რიტორიკას, თქვენ აღარ მოგიწევთ პროკურატურაში სიარული, მაგრამ თუკი თქვენ იქნებით აქტიური და წინ წამოწევთ პრობლემებს, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების პოზიციას, თქვენ დაგიბარებენ პროკურატურაში", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა დავით თევზაძემ შეადგინა.

მთავარმა პროკურატურამ გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაასახელა. განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. მათი შეფასებით, ეს ფაქტი გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. არასამთავრობოების აზრით, ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

კომენტარები