ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ვაშაძე: ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება ენმ-ზე ტოტალური შეტევის ნაწილია

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება არის იმ ბოლო პერიოდში განვითარებული ტოტალური შეტევის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ახორციელებს.

"ფიზიკური ანგარიშსწორებები, დაბარებები, გამოძიებები და ა.შ., სამწუხაროდ, ეს არის სტანდარტი, რომელსაც ამკვიდრებს დღევანდელი ხელისუფლება", - თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

კომენტარები