ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საია: 17 პირი პოლიციის და ციხის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა და პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობასა და ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში, საიას 17 პირმა მიმართა. მათგან 8 პირი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებზე, ხოლო 9 პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ანალოგიურ უკანონო ქმედებებზე.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველა მათგანს უშუალოდ შეხვდა საიას იურისტი, შედგა გამოკითხვის ოქმები და მასალა გადაიგზავნა პროკურატურაში. ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ეფექტურად, ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. 

"სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის ინფორმაციაზე გამოძიება ხშირად ძალიან არაეფექტურია. ბოლო პერიოდში არაეფექტური გამოძიების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია შიო კობიძის შემთხვევა. აღნიშნული მოქალაქე 3 თვის განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოს და უთითებდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ წამებაზე, ამ ფაქტის დამადასტურებელ მოწმეზე და ითხოვდა გამოძიებას. მან ადვოკატის დახმარებითაც კი ვერ მიაღწია იმას, რომ გამოძიება თუნდაც ფორმალურად დაწყებულიყო. მხოლოდ 2014 წლის 29 იანვარს ამ და სხვა საქმეებზე საიაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, 4 თებერვალს გახდა შესაძლებელი გამოძიების დაწყება. თუმცა, გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს", - აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში შვიდმა პირმა (დავით ჭკადუამ, თამაზ ცინცაძემ, ვლადიმერ ავსაჯანიშვილმა, ბესარიონ საბაშვილმა, ხვიჩა დემინაშვილმა, მ. ბ-მ და ზ.გ-მ) მიუთითა, რომ მათზე #8 დაწესებულებაში, დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კიდევ ერთი პირის ალექსანდრე გორგიძის განცხადებით, ამავე დაწესებულების თანამშრომელი დაემუქრა. ერთმა მსჯავრდებულმა - ოთარ აფრიდონიძემ კი განმარტა, რომ ის სიტყვიერად შეურაცხყვეს და ცემეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში.

თამაზ ცინცაძე თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ 2014 წლის 12 მარტს ტკიოდა კბილი და "კორპუსის ოფიცერს" სთხოვა ექიმთან შეხვედრა. მისი მოთხოვნა რამდენიმე საათის განმავლობაში რეაგირების გარეშე დარჩა, ამიტომ, მან კვლავ მიმართა ოფიცერს ექიმთან შეხვედრის თხოვნით. თხოვნის განმეორების შემდგომ, ცინცაძის მტკიცებით, "კორპუსის ოფიცერმა" ფიზიკურად შეურაცხყო, რომლის შედეგადაც მას, საიას ინფორმაციით, თვალის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა დაფიქსირებული იყოს სათვალთვალო კამერებით.

ოთხი მსჯავრდებული - ბესარიონ საბაშვილი, ხვიჩა დემინაშვილი, მ.ბ. და ზ.გ. უთითებენ, რომ 2014 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილეებმა და სარეჟიმო განყოფილების უფროსმა განუცხადეს, რომ დირექტორს სურდა მათთან გასაუბრება. მსჯავრდებულები დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და გაყვნენ დირექტორთან შესახვედრად. ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისთანავე, მათ თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები, რომლებმაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მსჯავრდებული საიას ადვოკატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ამბობს შემდეგს - "ადმინისტრაციის შენობაში რომ შევედით, კარანტინის განყოფილებისაკენ გაგვიყვანეს, უცებ ჩააქრეს შუქი და მოგვცვივდნენ ნიღბიანი, შავებში ჩაცმული სპეცრაზმელები. დამაგდეს დაბლა, გადამიგრიხეს ხელები და დამადეს ხელბორკილები. შემდეგ გვცემეს ფეხებით, დუბინკებით. მირტყამდნენ ფეხებისა და ფერდების არეში, მტკივნეულ ადგილებში. მე თავშიც ჩამარტყეს დუბინკა. შემდეგ გამჩხრიკეს, გამაძრეს ტანსაცმელი და ასეთ მდგომარეობაში მიმათრიეს მანქანამდე, შემაგდეს შიგ და წამომიყვანეს #6 დაწესებულებაში“.

საიას ცნობით, პოლიციელთა მხრიდან სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებენ სეიფ სეიფიევი, თეიმურაზ გვარაძე, გიორგი ქოთუაშვილი, მიხეილ ფარულავა, მამუკა კარელიძე, ვალერიან ბეჟიკოშვილი, რამაზ ნადირაძე და ირაკლი ქელბაქიანი. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ მიეცათ აღიარებითი ჩვენება და დაებრალებინათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ.

მაგალითად, 2014 წლის მარტში მოცემულ ახსნა-განმარტებაში ს. სეიფიევი, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში იმყოფება, აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს დაკითხვაზე. დაკითხვაზე მისვლის შემდგომ, შეიყვანეს პოლიციის შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და დაუწყეს ცემა. მისგან მოითხოვდნენ, რომ დაებრალებინა ყაჩაღობაში თანამონაწილეობა. მისი განმარტებით, ცემაში მონაწილეობდა სამი პიროვნება და ესწრებოდა პროკურორი. ს. სეიფიევი ასევე მიუთითებს, რომ მოგვიანებით გადაიყვანეს რუსთავში, სადაც კვლავ გაგრძელდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზემოქმედება. იგი აღნიშნავს, რომ თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი, რომელიც მოხსნეს მას შემდეგ, რაც შეუძლოდ გახდა. სეიფიევის განმარტებით, ცემა გრძელდებოდა 10-12 საათის განმავლობაში, რამდენიმე წუთის, ზოგჯერ დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით.

ვ. ბეჟიკოშვილი 19 თებერვალს საიას თანამშრომელისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ 2014 წლის 28 იანვარს ქ. თბილისში, სასტუმრო კოლხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები მას "თანამშრომლობას“ და ყოფილ პატიმრებზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი, ფულად ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ. საიას ცნობით, ბეჟიკოშვილი ამას არ დათანხმდა. იგი ასევე უთითებს, რომ უარის შემდეგ, ის ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს.

საიას ინფორმაციითვე, ი. ქელბაქიანი განმარტავს, რომ 2014 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში არსენასა და ზაალ ქიქოძის ქუჩის კუთხეში საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან (ნომერი KCK-636) გადმოვიდა ორი პოლიციელი, რომლებმაც მოსთხოვეს მანქანაში ჩაჯდომა. მას შემდგომ, რაც ი. ქელბაქიანმა იკითხა მიზეზი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში. ი. ქელბაქიანის განმარტებით, მანქანაში ჩასმის შემდგომ, მას დაადეს ხელბორკილები და გააგრძელეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება - თავის და სახის არეში, ასევე კიდურებში ურტყამდნენ ხელით და რკინის ხელკეტით. ი. ქელბაქიანი ასევე აღნიშნავს, რომ შეეცადნენ მისი გაგუდვის იმიტირებას.

"ქელბაქიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანისას შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ მას აღენიშნებოდა: ნაჭდევი ყელზე, მარცხენა ყურის უკან ნაკაწრები, ორივე მხარზე, მარცხენა მუხლზე მცირე ზომის სილურჯე, მარჯვენა მხარზე სილურჯეები. დაზიანებების არსებობაზე უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობაც. მოვითხოვთ ყველა მსგავს ინფორმაციაზე ეფექტური, ობიექტური გამოძიების წარმართვას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში დამნაშავეთა დასჯას კანონით დადგენილი წესით", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კომენტარები