თავდასხმა ნუგზარ წიკალურზე

წიკლაური: ძნელაშვილის და გილაურის დასახელების გამო დამესხნენ თავს

"მე დავასახელე ორი ადამიანი, რომელიც მონაწილებდა ამ წამებაში და ეს ინფორმაცია მე მქონდა ოჯახის წევრების მხრიდან. ეს ადამიანები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლები ძნელაშვილი და აგრეთვე გურგენ გილაური და მე ვფიქრობ, რომ ამ გვარების დასახელებამ მიაღებინა გადაწყვეტილება ხელისუფლებას, რომ მოეწყო ასეთი თავდასხმა ჩემზე, რომელიც განხორციელდა გუშინწინ" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა თოქშოუში, არჩევანი, საუბრისას. 

წიკლაურის აზრით, მისი ცემა იყო ხელისუფლების მცდელობა გაეჩუმებინათ იგი. მას შემდეგ რაც სამართლებრივად ვერაფერზე მიედავნენ, მიიღეს პრიმიტიული და სასტიკი გადაწყვეტილება ფიზიკურად გასწორებოდნენ მას და ამ გზით მოეხდინათ დემონსტრაცია, რომ სიმართლის ლაპარაკს თან სდევს ჯანმრთელობის დაზიანება. 

წიკლაური არ ენდობა გამოძიებას და აცხადებს, რომ შეუძლებელია პროცესი წარიმართოს ობიექტურად, როდესაც გამოძიებას აწარმოებენ ისინი, ვინც თავად დაგეგმა მასზე თავდასხმა და ახორციელებდა ზეწოლას თათუხაშვილზე.

მისი თქმით, გამოძიებას მისი დაკითხვის შემდეგ აქვს ისეთი სამხილები, როგორიც არის მანქანის ფერი (ღია ფერის მერსედესი), მანქანის ნომერი (387) და მოწმის ჩვენება. წიკლაურმა აღნიშნა, რომ იმ შემოგარენში, სადაც ის ცხოვრობს, ბევრი ისეთი დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერით და სურვილის შემთხვევაში გამოძიებას შეუძლია ეს მასალაც გამოიყენოს. მისი აზრით, საქმის გახსნაზე მუშაობა თუ არ წარიმართა სწორი მიმართულებით, ეს იქნება გამოწვეული არა სამხილების, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობით.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა საქმის გამოძიება, წიკლაური მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი და იხსენებს ბარბარე რაფალიანცის გაუხსნელ საქმეს, რომელიც ასევე პირად კონტროლზე იყო აყვანილი. 

წიკლაურს მიაჩნია, რომ თავდამსხმელების მთავარი მიზანი მისი მანქანაში ჩასმა და გატაცება იყო და რომ არა მისი მეზობელი, რომელიც ცემის ფაქტს შეესწრო და პოლიციასთან დარეკვით დაემუქრა თავდამსხმელებს, სავარაუდოა, რომ ისინი მიზანს მიაღწევდნენ.

კომენტარები