ობამა რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდებს

reuters.com

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მორიგ სატელეფონო საუბარში, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანისაკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში პრობლემები დიპლომატიური გზით გადაჭრას. ასევე ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინს შესთავაზა, სამოქმედო გეგმა წერილობითი ფორმით გააცნოს.

ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.

ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა წინ მიიწევს საკონსტიტუციო რეფორმებისა და დემოკრატიული არჩევნებისკენ და მოუწოდებს პუტინს მხარი დაუჭიროს ამ პროცესებს.

"პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და თავი აარიდოს მომავალ პროვოკაციებს, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების განთავსებას" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ი აგრძელებს დიპლომატიური კურსის მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციებით და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრიზისის დეესკალაციაში.
"პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან თავის ჯარებს გაიყვანს და არ გადადგამს რაიმე ნაბიჯებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მომავალი დარღვევისთვის." - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები