რუსეთის ფედერაცია

რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს

რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხულია. ეს გადაწყვეტილება დიდი შვიდეულს ქვეყნების ლიდერებმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და კანადის, ასევე  ევროკავშირის  ლიდერებმა ჰააგის დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც აცხადებენ, რომ დიდი რვიანი საერთო ღირებულებების საფუძველზე შეიქმნა, რუსეთის ქმედებები კი ამ ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ რუსეთი უკრაინაში მდგომარეობის ესკალაციას გააგრძელებს, შვიდეულის წევრები მზად არიან მოსკოვის წინააღმდეგ ახალი, მათ შორის ეკონომიკური  სანქციები მიიღონ. ყველა დაგეგმილი შეხვედრა დიდი რვიანის ფარგლებში, მათ შორის ივნისისთვის დაგეგმილი სოჭის სამიტი, გაუქმებულია. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ რვიანიდან გარიცხვა მოსკოვისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. 

"დიდი რვიანი არაფორმალური კლუბია, შესაბამისად, რვიანიდან ვინმეს გარიცხვა არავის შეუძლია. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ფორმატმა თავი ამოწურა, დაე ასე იყოს. ჩვენ ამ ფორმატს არ ვებღაუჭებით. დიდ პრობლემად არ მიგვაჩნია, თუ რვიანი აღარ შეიკრიბება. თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

კომენტარები