დათა ახალაიას საქმე

დათა ახალაიას ადვოკატი: მოსამართლემ "დააკანონა" დანაშაულებრივი პრაქტიკა

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, დავით ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ ისე განიხილა, რომ საქმის მასალებს გაცნობილი არ იყო. ამის შესახებ ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"დადგენილია, რომ საქმის მასალები პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა 15 მარტს, 10:35 საათზე. განხილვა კი დანიშნული იყო იმავე დღეს 18:00 საათზე. საქმე შვიდ ტომს შეადგენს და აღემატება 2000–ზე მეტ ფურცელს, ახლავს მრავალსაათიანი ფორმატის ვიდეომასალა და ერთვის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. შეუძლებელია, მას მოსამართლე გაცნობოდა ექვს საათში. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ, ბრალდების მხარისაგან შესაბამისი ნუსხის მიხედვით მასალების გადმობარებას (შესვენების გარეშე) მოანდომა სამი საათი და ოცდაათი წუთი. მოსამართლე კი დაჟინებით აცხადებს, რომ ურთულეს საქმეს გაეცნო ექვსი საათის განმავლობაში. ვინაიდან პროკურატურას დავით ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნდა, სურდა იოლად გასულიყო ფონს და საქმეში სასწრაფო წესით უკანონოდ ჩართო სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი. მიუხედავად დაცვის მხარის დასაბუთებული მოთხოვნისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა სახაზინო დამცველის საქმიდან ჩამოცილების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ "დააკანონა" დანაშაულებრივი პრაქტიკა, რითაც პროკურატურას ხელი ეხსნება – მოწვეული ადვოკატის გვერდის ავლით და სახაზინო ადვოკატის გამოყენებით, ჩაატაროს მისთვის სასურველი საგამოძიებო მოქმედებები. მოსამართლის ობიექტურობის გამომრიცხავ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარემ ორჯერ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა", – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, "დავით ახალაიას მიმართ დაპატიმრების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას პროკურორებმა ვერ გასცეს პასუხი ადვოკატების ვერც ერთ შეკითხვას". კერძოდ, ზაქარეიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერ დააკონკრეტა, თუ რომელი მტკიცებულებები მიუთითებენ იმის შესახებ, რომ მაღალი ალბათობით, დავით ახალაიას შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული.

"სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა დაასრულა შაბათს, 15 მარტს დაახლოებით 21:00 საათზე, დაცვის მხარეს კი განჩინება არ გადაეცა. კვირა დღეს სასამართლოსთან კომუნიკაცია შეუძლებელია. 17 მარტს, 12:00 საათზე კი დანიშნულია წინასასანართლო სხდომა ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვათა მიმართ №074264442802 (ე.წ. გირგვლიანის) სისხლის სამართლის საქმეზე. ამდენად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას ა/ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გამოტანიდან 48 საათში არგუმენტირებულად გავასაჩივროთ სასამართლოს მიერ გამოტანილი საპროცესო გადაწყვეტილება", – აცხადებს ზაქარეიშვილი.

2006 წელს მომხდარ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 333-ე მუხლებით წარედგინა ბრალდება. 109-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 333-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.

საქმის მასალების მიხედვით ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა განხორციელდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთი საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ, მეორე კი გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია ვინ განახორციელა მესამე საკონტროლო გასროლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

 

კომენტარები