დათა ახალაიას საქმე

ადვოკატი: პროკურატურამ ახალაიას საქმეს ხელოვნურად ჩამომაშორა

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ ახალაიას საქმეს ხელოვნურად  ჩამოაშორა. ამის შესახებ ადვოკატმა ინტერპრესნიუსს განუცხადა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო და საქმის მასალები მას გადასცა.

"პროკურატურამ დავით ახალაიას მიმართ ნავთლუღში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში, დილის 05:00 საათზე საქმეში სასწრაფო წესით ჩართო სახაზინო ადვოკატი და საქმის მასალები მას გადასცა. დავით ახალაიას ადვოკატი მე - ირაკლი ზაქარეიშვილი კი, ხელოვნურად ჩამომაცილა საქმეს. 09:30 საათიდან ამაოდ ვცდილობ დავუკავშირდე პროკურორ ამირან გულუაშვილს, რომელიც ჩემს ზარს არ პასუხობს.
აშკარაა, რომ პროკურატურას დავით ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და ცდილობს ე.წ. სახაზინო ადვოკატის მეშვეობით იოლად გავიდეს ფონს," აცხადებს ადვოკატი. 
იგი აღნიშნულზე რეაგირებისთვის, სახალხო დამცველს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართავს. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს სამი ახალგაზრდა - მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე".

შეგახსენებთ, რომ გუშინ დათა ახალაიას პოლიციელების ცემის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

კომენტარები