ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საბურთალოს რაიონის გამგეობაში არსებული სათათბიროს წევრები დაკითხეს

is.ge

საბურთალოს რაიონის გამგეობაში არსებული სათათბიროს 10-მდე წევრს გვიან ღამემდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავდნენ. შეკითხვები, ძირითადად, წახალისების სახით აღებულ თანხებსა და სათათბიროს შექმნის მიზეზებს შეეხებოდა.

”მკითხეს, რა საჭირო იყო ამ სათათბიროს შექმნა და მისი წევრობა, თუ თავმჯდომარე ხარ ისედაცო, მე თავმჯდომარე ვარ ჩემი კორპუსის და სათათბიროს წევრობა უკვე მრავალ კორპუსს მოიცავს, სადაც ჩვენ ვეხმარებით ხალხს, გაჭირვებულებს”, - განაცხადა კორპუსის თავმჯდომარე ელზა ასათიანმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი ამბობს, რომ სათათბიროს წევრები საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაკითხეს.

”საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნა შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და დაიწყო გამოძიება, 182-ე მუხლია, მითვისება-გაფლანგვა და ამ თემასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ეს არის, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია გითხრათ და დანარჩენზე გამოძიების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ”, - განაცხადა გრძელიშვილმა.

საბურთალოს რაიონის გამგებლის გიორგი ხუროშვილის თქმით, დაკითხვის დროს სათათბიროს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა.

”ის, რომ დღევანდელი დღე იყო პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი, დასტურდება იმით, რომ საგამოძიებო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ის გაყალბებული დასკვნა და საერთოდ ყურად არ იღო ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებასაც მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი.

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, მას წარვუდგენ ყველა ამ გაყალბებულ ინფორმაციას, წარვუდგენ დაკითხულ მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებს და, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომ ამ ქაოსში მიღებული მტკიცებულებები გამოყენებული არ იქნას ამ ხალხის და ზოგადად საბურთალოელების წინააღმდეგ”, - განაცხადა ხუროშვილმა.

კომენტარები