გაზეთი ალია

ალია: ფილიპ დიმიტროვი იძულებით ასრულებს ნაციონალების დავალებებს

eeas.europa.eu

გაზეთი ალია ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მასალას აქვეყნებს. გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიმიტროვი სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება, მას ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფარულად გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და აშანტაჟებს. ალია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა და პირადად პარტიის გენერალური მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია ევროკავშირის ელჩს აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრება და ნაციონალური მოძრაობისთვის დახმარებას სთხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, დიმიტროვს გიგა ბოკერია დაემუქრა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს გამოუქვეყნებენ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ დაეხმარება. 

„არადა, თურმე ნაციონალებს მართლაც აქვთ ვიდეოფირები, სადაც კარგად ჩანს დიმიტიროვის ვნებები. ბუნებრივია, თუ ბოკერიებმა თავზე ხელი აიღეს და ყველაფერი გამოაქვეყნეს, ეს არა მხოლოდ ელჩის დისკრედიტაციას გამოიწვევს, არამედ მის გაქრობასაც. ბოკერიამ დიმიტროვს მოსთხოვა, რომ ევროპიდან ჩამოიყვანოს ისეთი დამკვირვებლები, რომლებიც ვანო მერაბიშვილისა და ნაციონალების სხვა გახმაურებულ სასამართლოებზე დიმიტროვის კარნახით დაწერენ უარყოფით დასკვნებს. თურმე გიგა ბოკერია ასევე აიძულებს დიმიტროვს, თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე ჩამოიყვანოს ისეთი დამკვირვებლები, რომლებიც დაწერენ ასევე კრიტიკულ დასკვნებს. ვანოს მიერ გადაღებული კადრებიდან გამომდინარე, დიმიტროვი მუდმივი შანტაჟის ქვეშ იმყოფება და ხმას ვერ იღებს, ის იძულებით ასრულებს ნაციონალების დავალებებს“, - აცხადებს ალიას კონფიდენციალური წყარო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და მოქმედი მმართველი კოალიციის წევრები გაზეთ ალიას სერიოზულ გამოცემად მიიჩნევენ.

2014 წლის 15 იანვარს, უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა სწორედ ალიაში დავით კეზერაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით გამართა ბრიფინგი. მან თქვა, რომ ალიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, „კეზერაშვილს იმ მომენტიდან, როდესაც აღარ იყო თავდაცვის მინისტრი, იქიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, დაახლოებით ერთმილიარდიანი ფინანსური ბრუნვები ჰქონდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე“.

იმავე დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შემოსავლების შესახებ ალიას მეშვეობით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის. უწყების განცხადებით, ალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. 

ასევე, მეორე დღეს, მედიასთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გაზეთ ალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის აღმოჩენა იყო“. საქართველოს პრემიერის თქმით, ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ გამოცემის ინფორმაციით და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ფაქტს მაქსიმალურად მოკლე დროში მოფინონ ნათელი".

"ახლა კი, ის დადასტურდა, რაზეც ოპოზიცია და მოსახლეობა წლების მანძილზე საუბრობდა - ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა სხვადასხვა ფორმებით დაინაწილეს და ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგული ობიექტები, სერიოზული აქტივები“, - თქვა ღარიბაშვილმა. 

ალიამ კეზერაშვილის შემოსავლებთან დაკავშირებული სტატია აუდიტორულ კომპანია deloitte-ზე დაყრდნობით დაწერა. დავით კეზერაშვილის ადვოკატები ეჭვობენ, რომ deloitte-ს დოკუმენტი ალიასთან საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით მოხვდა, რადგან მასზე წვდომა მხოლოდ ხელისუფლებას და ფრანგულ სასამართლოს ჰქონდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გაზეთ ალიაში ფილიპ დიმიტროვის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასალის გამოქვეყნება დაემთხვა ევროკომისარ შტეფან ფულეს ვიზიტის დასრულებას.

კომენტარები