ვითარება უკრაინაში

ღარიბაშვილი: რუსეთის გადაწყვეტილება აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მძიმედ განიცდის უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რეგიონში დაძაბული ვითარების ესკალაციის სერიოზული კერა ხდება.

"რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიღოს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე  აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია. 

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი გადაწყვეტილების მიმართ, ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები