მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა

კუბლაშვილი: მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა საფრთხის შემცველია

frontnews.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეფასებით, მოსამართლეთა გამოსაცდელი, 3 წლის ვადით დანიშვნა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ კუბლაშვილმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

"სასამართლო სისტემის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია - 2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსამართლეთა კონფერენციამ, უკლებლივ ყველა მისამართლემ მხარი დაუჭირა განცხადებას, რითაც აღვნიშნეთ, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ეს პოზიცია დღევანდელ კონფერენციაზეც დაფიქსირდება. პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. შეიძლება, რეალურად, კონკრეტულ მოსამართლეზე, პიროვნებაზე ამან ვერ იმოქმედოს, მაგრამ უზარმაზარი საფრთხეა, შეიძლება სხვაზე იმოქმედოს. ასეთი საფრთხის შემცველი დებულებების შეტანა კანონმდებლობაში, რომელიც თავიდანვე ქმნის საფუძველს, რომ ეს საფრთხე რეალურად განხორციელდეს, პირდაპირ დამოუკიდებლობის პრინციპის საწინააღმდეგოა", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ქვეყანაში აკრედიტებული მისიები; დიდი ბრიტანეთის საელჩო. კონფერენციაში მონაწილეობენ პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეები.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

კომენტარები