დათო ყიფიანი

პრეზიდენტი: დათო ყიფიანის დაღუპვამ გული დაწყვიტა ქართველებსაც და უკრაინელებსაც

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის დათო ყიფიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ კიევში ქართველი ახალგაზრდის დათო ყიფიანის გარდაცვალების გამო. დათოს დაღუპვამ ერთნაირად დაწყვიტა გული ქართველებსაც და უკრაინელებსაც, სწორედ ამიტომ აცილებს მას ერთად უკანასკნელ გზაზე ეს ორი ერი. დათო ყიფიანის შვილი და ოჯახის წევრები ყოველთვის იამაყებენ მისი ნათელი ხსოვნით. ამ მწუხარების ჟამს გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დათოს ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 

საქართველოს მოქალაქე, 33 წლის დათო ყიფიანი კიევის არეულობებს ემსხვერპლა. ის ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის აქტივისტი იყო. თავისუფალი ზონის ცნობით, ყიფიანს სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. სასწრაფოს პირველადი დასკვნით კი, ყიფიანის გარდაცვალების მიზეზად, კლინიკური სიკვდილი სახელდება.

დათო ყიფიანი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. მისი დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

კომენტარები