გრიპი

პაატა იმნაძე: ვირუსების ზრდის თვალსაზრისით, სიტუაციის გართულებას არ ველოდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის H3N2 ვირუსი დაუდასტურდა. როგორც იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგივე ვირუსი დაუდასტურდა სათნოების სახლის ერთ თანამშრომელს. სამ ბენეფიციარს კი, სურდოს ვირუსი დაუდგინდა. პაატა იმნაძის თქმით, მოხუცებულთა თავშესაფარში უმძიმესი კონტინგენტია, ყველა მათგანს მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ძირითადად მწოლიარე ავადმყოფები არიან.

მისივე განცხადებით, გარდაცვლილ ბენეფიციარებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით, სიტუაციის გართულებას არ ელოდება. თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია. 

"ჩვეულებრივი ზამთარია, ტრიალებს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. 

რაც შეეხება ზოგად სურათს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან, 82 -  A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ ღორის გრიპი - H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლში გუშინ ხუთი ბინადარი გარდაიცვალა. კიდევ 3 ბენეფიციარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები