გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში

მარგველაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული, სამეცნიერო და პირადი კონტაქტების ქვეყანაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ მარგველაშვილმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა.

„დიახ, ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი თუ როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს ორ ქვეყანას კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით. პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ცვლის მომავალს და უკეთესი მომავალი, მეტი შესაძლებლობა და კეთილდღეობა მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, გამორჩეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვს, ერთგული დამოკიდებულება იმ ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, არის სწორედ უკეთესი მომავლის მომტანი მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი, არ არის მხოლოდ ნავთობისა და ენერგიის ტრანსპორტიორი სახელმწიფო - ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული, სამეცნიერო და პირადი კონტაქტების ქვეყანა. ჩვენ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაქვს და პარტნიორულ ურთიერთობებს კვლავაც ვავითარებთ პოლიტიკის სფეროში; როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ვავითარებთ ხალხთაშორის კავშირს, ვაღრმავებთ თანამშრომლობას კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ ეს ურთიერთობა ამდიდრებს ჩვენი ქვეყნების საზოგადოებასა და ჩვენს ერებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა კოლეგას ილჰამ ალიევს.

კომენტარები