ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

ITU: ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვისაა ხელმისაწვდომი

ინტერნეტის პროვაიდერები თბილისში
GNCC

გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

IDFI-მ მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2013 წელს საქართველოში არსებულ ინტერნეტმომხმარებელთა სტატისტიკის მოთხოვნით. ორგანიზაცია კომისიიდან ითხოვდა მონაცემებს სადენიანი, უსადენო და მობილური ინტერნეტმომხმარებლების შესახებ რეგიონების, ქალაქების, ტექნოლოგიების, ავტორიზებული პირების, ფიზიკური და კორპორატიული აბონენტების მიხედვით.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლიდან საქართველოში გაიზარდა სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და ამ მხრივ ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება: თუ 2010 წელს ინტერნეტს ამ საშუალებით 252 131 აბონენტი იღებდა, 2013 წლის ოქტომბრისთვის მათი ოდენობა 434 969-ს უტოლდება. მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, გრაფიკიდან ჩანს, რომ ბოლო ორ წელიწადში (2012-2013) სადენიანი ინტერნეტის ბაზარი კარდინალურ ცვლილებებს არ განიცდის.

კომუკინაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილზე არის იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტი. IDFI-ს განცხადებით, აღნიშნული მონაცემები ადასტურებს საქართველოში სადენიანი ინტერნეტის არათანაბარ ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით რეგიონებში. რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში – საერთო ჯამში, 2013 წლის ოქტომბრისთვის, ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტაბონენტია დაფიქსირებული.

სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ბაზრის ლიდერია კომპანია სილქნეტი – 212 ათასზე მეტი აბონენტი. მას მოჰყვება კავკასუს ონლაინი 139 936-იანი აბონენტით. სხვა დანარჩენი 24 კომპანია მხოლოდ 82 392 აბონენტს აწვდის სადენიან ინტერნეტს.


ფოტო: GNCC
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNCC) მონაცემებით, სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მომხმარებელთა ოდენობა (51% – 221 170) მცირედით აღემატება DSL ტექნოლოგიის აბონენტებს (49% – 212 968).

რაც შეეხება უსადენო ინტერნეტმომსახურებას, იგი საქართველოში ყველაზე დინამიკურად განვითარებად ტექნოლოგიად არის აღიარებული. GNCC-ის 2012 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგია ძირითადად რეგიონებში ვითარდება, იქ, სადაც სადენიანი ინტერნეტი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.

IDFI-ის განცხადებით, 2013 წლის ოქტომბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ დედაქალაქი, სადაც სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია, უსადენო ინტერნეტმომხმარებელთა მოცულობით მეექვსე ადგილზეა სხვა რეგიონებთან შედარებით. ამ მიმართულებით გამოირჩევა ქვემო ქართლი და იმერეთი. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, უსადენო ინტერნეტი 87 882 აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

საქართველოში მობილური ინტერნეტის ბაზრის 51% უკავია ჯეოსელს, 30% - მაგთის, 19% მობიტელს (ბილაინი), 1%-ზე ნაკლები კი - სილქნეტს.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, IDFI ასკვნის, რომ:

  • ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ბოლო წლებში არ შეიმჩნევა სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელის ზრდა, რაც შესაძლებელია ერთი მხრივ, ბაზრის მოთხოვნებით იყოს განპირობებული და, მეორე მხრივ, მიანიშნებდეს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე;
  • როგორც სადენიანი, ასევე, მობილური ტელეფონის ინტერნეტის შემთხვევაში, ბაზარზე შეინიშნება ორი კომპანიის უპირატესობა. სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ეს კომპანიები კავკასუს ონლაინი და სილქნეტია, ხოლო მობილური ინტერნეტის შემთხვევაში - ჯეოსელი და მაგთიკომი;
  • აბონენტების რაოდენობის მხრივ, თბილისში სადენიანი ინტერნეტსერვისის მიმწოდებელი კომპანიებიდან ყველაზე დიდ უპირატესობას ფლობს კავკასუს ონლაინი, მაშინ როცა სილქნეტი, რიგით მეორე კომპანია აბონენტების ოდენობით დედაქალაქში, უფრო მყარ პოზიციებს იკავებს რეგიონებში, სადაც მთავარ პროვაიდერს წარმოადგენს ინტერნეტაბონენტებისთვის;
  • ინტერნეტის გავრცელება ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. მართალია, ბოლო პერიოდში უსადენო ინტერნეტი სწორედ ამგვარ ტერიტორიებზე ვითარდება, თუმცა საჭიროა ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებული ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების კუთხით, აგრეთვე ინტერნეტბაზართან დაკავშირებული ნებისმიერი აქტორის მხრიდან ამ პროცესში კოორდინირებული მუშაობა.

კომენტარები